მიმდინარე წლის ბოლოსთვის, საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესოპერატორს, რომელიც ცხოველთა სასაკლაოსა და ნედლი რძის გადამუშავების მიმართულებით იმუშავებს, HACCP-ის სისტემა დანერგილი ექნება. ხოლო იმ მეწარმეებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, ამ სისტემას არ დანერგავენ, ფუნქციონირება აეკრძალებათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ანა გემაზაშვილის ინფორმაციით, HACCP-ის სისტემის დანერგვა საქართველოში გასული წლის 1 იანვრიდან დაიწყო, თუმცა მისი დანერგვის ტემპი უკვე მიმდინარე წელს დაჩქარდა.
”შარშან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულ იქნა ყველა ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ვალდებული იყო, რომ HACCP-ის სისტემა ჰქონოდა. ის, ვისაც ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ამ სისტემის დანერგვა, დაჯარიმდა. რაც შეეხება 2016 წელს, მეწარმეების უმრავლესობა, ცხოველთა სასაკლაოებისა და ნედლი რძის გადამუშავების მიმართულებით, უკვე ჩართულები არიან ამ პროცესებში, მათ უკვე დანერგილი აქვთ ჰასპის სისტემა. წელს ერთხელ უკვე შევამოწმეთ ეს მეწარმეები. ვერ ვიტყვი, რომ ეს სისტემა სრულად ამოქმედებულია, თუმცა მუშაობა დაწყებულია. ეს საკმაოდ რთული პროცესია. მას, დაახლოებით, ნახევარწლიანი პერიოდი სჭირდება, რათა სრულად მოიცვას ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც HACCP-ის სისტემა აწესებს”, – განმარტა ანა გემაზაშვილმა.
მისივე თქმით, HACCP-ის სისტემა მომხმარებლის კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობის დაცვაზეა ორიენტირებული.
ეს სტანდარტი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.
გემაზაშვილის განმარტებით, სტანდარტი შვიდ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული. ესენია: საფრთხის ანალიზის ჩატარება, კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა, კრიტიკული ზღვრების დაწესება, მონიტორინგის პროცედურის გატარება, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება, გადამოწმება და შემდეგ არსებული ჩანაწერების მართვა.
HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, სააგენტო ბიზნესოპერატორებს კონსულტაციებსაც გაუწევს.
“ეს სისტემა მოთხოვნადია ევროპის ყველა ქვეყანაში. ჩვენც, ქვეყანა, რომელიც ვისწრაფით ევროპისკენ, ვცდილობთ, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, პრაქტიკა და რეალობა ევროკავშირის მოთხოვნებს მივუახლოვოთ. სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი საწარმოები, რომლებიც გადამამუშავებელ საწარმოებს წარმოადგენენ, კერძოდ, ცხოველთა სასაკლაოები და ნედლ რძეზე მომუშავე საწარმოები, ვალდებულები არიან, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინონ საფრთხის ანალიზი და დანერგონ კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს იმას, რომ თავად მეწარმის მიერ დაინერგოს თვითკონტროლის სისტემა და მოხდეს საფრთხის იდენტიფიცირება, თუ რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას სურსათის წარმოების პროცესში. ამ საფრთხეების იდენტიფიცირების შემდეგ კი მეწარმემ უნდა განსაზრღვოს მისი კრიტიკული წერილები და დანერგოს ამ საკონტროლო წერტილებზე ზღვრები – როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური. ამასთან, დააწესოს მუდმივი მეთვალყურეობა და მონიტორინგი, რომ არ მოხდეს ამ კრიტიკულ წერტილებში გარკვეული გადაცდენა იმ ზღვრებიდან, რომელიც საბოლოოდ სურსათის უვნებლობაზე აისახება. მეწარმემ ასევე უნდა აწარმოოს აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით სრული ჩანაწერები, ანუ იმას, რასაც ის განახორციელებს პრაქტიკაში, ეს უნდა იყოს გამაგრებული ჩანაწერებით“, – განაცხადა გემაზაშვილმა.
რაც შეეხება სანქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისტემის დანერგვას გარკვეული პერიოდი სჭირდება, სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯერჯერობით, ბიზნესოპერატორებს არ აჯარიმებს, თუმცა, კანონმდებლობით, მოითხოვება ყველა ბიზნესოპერატორის საწარმოო პროცესის აღიარება სურსათის უვნებლობის კუთხით.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორები აღნიშნულ სტანდარტს არ დანერგავენ, მათთვის გარკვეული სანქციების იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ფულადი ჯარიმები, რომლებიც 400 ლარიდან დაიწყება. იმ ბიზნესოპერატორს კი, რომელსაც, დაახლოებით, წლის ბოლოსთვის HACCP-ის სისტემა დანერგილი და ამუშავებული არ ექნება, აღიარების პროცედურა შეუწყდება, რის შედეგადაც მას ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება.