“ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპაციას და რეაგირება გვექნება მანამ, სანამ სიტუაცია არ გადაიჭრება. ამ შემთხვევაში, ცხადია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას ვგულისხმობ”, – კონგრესმენ გერი კონოლის ამ განცხადებას “ამერიკის ხმის” ქართული სააგენტო ავრცელებს. ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ “ქართული ასოციაცია ამერიკაში” ყოველწლიურ ღონისიებაზე ამერიკის ორ კონგრესმენს რესპუბლიკელ ტედ პოს და დემოკრატ გერი კონოლის საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის ორგანიზაციის ტრადიციული ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე კონგრესმენები სიტყვით გამოვიდნენ:
“მე და კონგრესმენ ტედ პოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანნი ვართ. ჩვენ ერთიანნი ვართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ნატო-ს გენერალურ ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს წარმომადგენლებთან იქაც ვმუშაობ იმისთვის, რომ ნატო-ში ჩვენმა ყველა მოკავშირემ გაიგოს იმის მნიშვნელობა თუ რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა კონოლიმ.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, კონგრესმენები კონოლი და პო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ივლისში ჩავლენ.