ეკა მიშველაძე პრეზიდენტის პრესსპიკერად დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ახალი პრესსპიკერი დღეს წარადგინა. მისი თქმით, მიშველაძეს ჟურნალისტებთან აქტიური ურთიერთობა ექნება.
„ვფიქრობ, რომ იგი არის მნიშვნელოვანი შენაძენი პრეზიდენტის გუნდისა და ადმინისტრაციისთვის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
თავის მხრივ, ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
”მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასეთი ნდობისთვის. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპია. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, ახლა ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. მე იმედი მაქვს, რომ ისეთივე მჭიდრო, კოლეგიალური და თბილი დამოკიდებულება გვექნება, როგორიც გვქონდა წლების განმავლობაში”, – აღნიშნა მიშველაძემ.