საქართველოში ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით აქტუალური კი ხელნაკეთი აქსესუარებია. როგორც ”ფორტუნას” აქსესუარების დიზაინერმა და ახალგაზრდა მეწარმემ, თამთა ქარელიშვილმა განუცხადა, აღნიშული საქმიანობა საკმაოდ კონკურენტუნარიანია.
”ის რომ მოთხოვნა მსგავსი სახის სამკაულებზე დიდია, მეტყველებს ისიც, რომ ხელნაკეთი ნივთების დამზადებით ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანი დაკავდა. შესაბამისად, კონკურენცია არსებობს. პირადად მე, ბაზარზე თავის დამკვიდრებას დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით ვგეგმავ”,- აღნიშნა ქარელიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აქსესუარის შესაქმნელად ძირითადად თიხას იყენებს, შემდეგ კი ნაჭრეებითა და ტყავით აფორმებს. პროდუქციას ძირითადად შეკვეთების საფუძველზე ქმნის, გასაყიდი ფასი კი 5 ლარიდან იწყება და 10 ლარამდე ადის.
გაფართოებისა და წარმოების გაზრდის მიზნით თამთა ქარელიშვილი ახალგაზრდების დასაქმების ახალ პროგრამაში მონაწილეობს, სახელწოდებით „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში”.
”დაფინანსების მოპოვების შეთხვევაში საკუთარი მაღაზიის გახსნას ვფიქრობდი, სადაც ჩემს ხელნაკეთ ნივთებს გავყიდდი, თუმცა დროებით ეს გეგმა შევაჩერე. საწყის ეტაპზე ვაპირებ, უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდო და ონლაინ გაყიდვები გავააქტიურო”, – აღნიშნა თამთა ქარელიშვილმა.