რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი, ქართველი მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის განცხადებას ეხმაურება.
პუშკოვი მსახიობს მორალს უწუნებს და რიგით ქართველ ნაციონალისტს უწოდებს:
“კიკაბიძის სიტყვების განხილვას აზრი არ აქვს. ის აღშფოთებულია. მხარს უჭერს ანტირუსულ დემონსტრანტებს. მისი მორალი ასეთია – რუსეთისადმი მტრული დამოკიდებულება, არასდროს ჩამოვა რუსეთში, საბჭოთა კავშირში, სადაც ის გაიზარდა და ცნობილი გახდა. ჩვეულებრივი ქართველი ნაციონალისტია. ის თქვენი მიმინო არაა.”
ბუბა კიკაბიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას საკუთარი პოზიცია გამოხატა ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ. მან ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილნი, მხარდაჭერა გამოუხატა.
ბუბა კიკაბიძე:
ბუბა კიკაბიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას საკუთარი პოზიცია გამოხატა ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ
ბუბა კიკაბიძე რობიკო სტურუაზე: „ეტყობა დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა...“
ოთხი დღის განმავლობაში რუსულმა მედიამ დამირეკა. თქვენ რას ფიქრობთო? რას უნდა ვფიქრობდე? 12 წელია, რუსეთის არც ერთ ქალაქში არ ჩავსულვარ. რაც ჩაიდინეს, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეს, ეს პირველი ნაბიჯია, ეს იყო რუსეთის მიერ გათვლილი ავანტიურა, აქედან მხარდაჭერილი, ისე არ ჩამოიყვანდნენ.
ვინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე? უმაგისოდ იქ ასანთის ყუთსაც არ გადადებენ. თევზი ფუჭდება სათავიდან, ეს უნდა გვახსოვდეს. მთავრობას ჩვენ ლენჩები ვგონივართ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩუმად ვართ.
როგორ ჩანს, რომ გამიზნულად ისვრიან. სისხლი ამოსვრილი ბიჭების და გოგონების ნახვა შემზარავია. ასე როგორ უნდა გაიმეტო შენი ხალხი? რას უნდა ფიქრობდე მაგ დროს, ვინც ამის ბრძანებას იძლევა? შემსრულებელი არ არის ისეთი დამნაშავე, როგორც მბრძანებელი. ნორმალურ ქვეყანაში მეორე დღეს არავინ დაგვხვდებოდა, გადადგებოდნენ. ასეთი წესია ცივილიზებულ ქვეყნებში, როცა შენს ხალხს აყენებ შეურაცხყოფას.
ამ ბიჭებსა და გოგონებს რომ ვუყურებ, ეს ჩაავლეს და უკან აღარ დაიხევენ. მე არ ვემტერები, არც მეგობარია ჩემი, ვიცი, რომ „ემვედეს“ მინისტრია. დღითი დღე გაუარესდება მისი ყოფა.
ეს პუშკოვის მიერ კიკაბიძეზე გაკეთებული პირველი განცხადება არ არის. ცოტა ხნის წინ, მსახიობმა “ეხო მასკვასთან” ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარი კარიერა თვითონ შეიქმნა. ამის საპასუხოდ პუშკოვმა კიკაბიძეზე დაწერა: “წლები ემატება და სიბრძნე არა.”