აჭარის რეგიონში 9 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 2 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 119,307.00 ლარი.
დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ცენტერაძის ბაღის გაშენების პროცესი. დავით ცენტერაძე პროგრამაში 2015 წლის 2 დეკემბერს ჩაერთო და 4.5 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57,946.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 48,020.00 ლარი ნერგებზე ხოლო 9,926.00 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
აჭარაში: ქობულეთის რაიონში 9 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ლურჯი მოცვი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1357 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,9 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.