თელავის აეროპორტი „მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება და ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი მიენიჭება.
დღესვე გაიმართება საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით.
ასევე, Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც.
”თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის”, – ნათქვამია კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.
აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება.