ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება თემა, თუ როგორ გავუმკლავდეთ აუტანელ სიცხეს. იმ შემთხვევაში თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, ან აუზზე გაგრილებას, მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა ყოველდღურად კონდიციონერის დახმარებით გვიწევს. სადაც არ უნდა წავიდეთ, მეგობართან სტუმრად, ოფისში თუ სხვაგან ყველგან კონდიციონერი „გვეგებება“. სიცხისგან შეწუხებულებს კონდიციონერთან ახლოს ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს. მაშინ, როცა გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და ჩვენ კონდიციონერთან სამოთხეში გვგონია თავი, ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს სიამოვნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს.
სწორედ ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა, არის თუ არა კონდიციონერი უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? სწორედ ამ თემაზე ესაუბრა რადიო „ფორტუნა“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კახა ვაჭარაძეს.
რა სახის დაავადებებს იწვევს კონდიციონერი?
კონდიციონერი – ეს არის საშუალება, რომელიც აუცილებელი ატრიბუტია დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრების. მას აქვს ძალიან ბევრი სიკეთე, მაგრამ როგორც ყველა ქმედებას, ამასაც აქვს უკუქმედება. ანუ კონდიციონერის არასწორად გამოყენებისას შემდგომში თავს იჩენს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა, ისეთი როგორიც არის რესპირაციული დაავადების პრობლემები, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კუნთოვანი, ნერვული სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის ორგანოებზეც იწვევს სხვადასხვა გართულებას. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც კონდიციონერი არის უხარისხო ან არასწორად ვიყენებთ მას.
თუ ოთახისა და გარე ტემპერატურა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, არის თუ არა ეს საფრთხის შემცველი?
თუ დიდი სხვაობაა გარეთ ტემპერატურასა და შიდა ტემპერატურას შორის ეს დაუშვებელია. ტემპერატურის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 7-10 გრადუსს. ეს დაახლოებით ისეთივე ეფექტია, როდესაც მაღალი ტემპერატურიდან შემოდიხარ და ვთქვათ, ივლებთ ყინულიან ან მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს. ეს ძირითადად იწვევს რესპირატორულ დაავადებებს. პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ გაციებები, პნევმონია.
რამდენად საშიშია, როდესაც კონდიციონერის ჭავლი პირდაპირ უბერავს?
ასევე საშიშია კონდიციონერი, როდესაც ჭავლი პირდაპირ უბერავს. ამ დროს ისეთი სიმპტომებია წამოწეული წინა პლანზე, როგორიც არის ტკივილი გულმკერდის არეში, სახსრებში, კუნთებში. ყველა ამ შემთხვევაში ჯობია, რომ მივმართოთ ექიმს.
შეიძლება თუ არა კონდიციონერის მთელი დღით ჩართვა?
მთელი დღის განმავლობაში არ შეიძლება კონდიციონერი ჩართული იყოს. ამ შემთხვევაში მარტივია რამდენიმე წუთი გამოვრთოთ კონდიციონერი. გამორთვის შემდეგ უნდა გაიღოს კარი ან ფანჯარა, რომ დახურულ სივრცეში მსხდომებმა ახლი ჰაერის ნაკადი ისუნთქონ, რომელიც მიკროსამყაროს ჟანგბადით აღადგენს, რაც ასე აუცილებელია ჩვენი არსებობისა და სასუნთქი სისტემისთვის… განსაკუთრებით საშიშია ღამე, ძილის წინ კონდიციონერის დატოვება. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი უარყოფითი მოვლენებია მოსალოდნელი. ღამით საძინებელში კონდიციონერის დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
რამდენად მნიშვნელოვანია კონდიციონერის ხარისხი?
დაუშვებელია იაფფასიანი კონდიციონერის დაყენება, ეს დამღუპველია. თანამედროვე კონდიციონერები, თვითონ ახდენენ ოთახში იონიზაციისა და ტენიანობის დონის შენარჩუნებას და რაც მთავარია, მოქალაქეების ბაქტერიებისგან დაცვას. ისეა აღჭურვილი, რომ ჭავლს ადამიანს თვითონ არიდებს, მიმართულებას უცვლის, რომ მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხეებისგან?
აუცილებლად უნდა იწმინდებოდეს კონდიციონერის ბიოფილტრები, რადგან აქედან შემოდის დიდი რაოდენობის ვირუსი, ბაქტერია და სხვადასხვა პათოგენები, მტვერი და უცხო ნაწილაკები. თუ არ არის კარგად დამუშავებული ეს ფილტრები, ამ შემთხვევაში ეს წარმოდგენს ინფექციის წყაროს. განსაკუთრებით საშიშია დიდ ორგანიზაციებში, როდესაც არის ცენტრალური კონდიციონირება, განსაკუთრებით კლინიკებში, სტაციონარებში, რადგან ამ შემთხვევაში არასწორი მოხმარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე ხდება მიმოფრქვევა შიდა ინფექციების. ეს ინფექცია შეიძლება იყოს ერთ ლოკალიზებულ უბანში, თუმცა ამ შიდა კონდეცირებით შეიძლება გადატანილ იქნას ამ ორგანიზაციის, ამ შენობის სხვადასხვა უბნებში. იმ შემთხვევაში თუ ერთ ორგანიზაციაში, შენობაში, ერთ ოთახში მჯდომ ადამიანებში იწყება ერთი და იგივე სიმპტომები, ეს არის ყელის გამოშრობა, გაციება, ტემპერატურული რეაქცია, ცხვირის გაჭედილობა, ვირუსული ინფექციის მაჩვენებელი, პნევმონია, რაც ყველაზე საშიშია, ამ შემთხევვაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის შიდა ინფექცია და წყარო არის კონდიციონერი. ასევე ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ჰაერის გამოშრობა კონდიციონერის მიერ და დეიონიზაცია. თუ ჩვენ ბიოფილტრები და თვითონ კონდიციონერი კარგი გვაქვს, მაშინ ამას აქვს თავისი დამცავი ფუნქცია. ეს კონდიციონერს აქვს თვითონ ოთახის დატენიანების, ჰიდროელემენტის შენარჩნების თვისებები.
რეკომენდაციები…
არ არის რეკომენდირებული მუდმივად ჩართული კონდიციონერი. ხშირად უნდა გავანიავოთ, გავასუფთაოთ ჰაერი შენობებში. რაც შეეხება ცენტრალურ კონდეცირებას და ვენტილიზაციას, აუცილებელია კიდევ ერთხელ ტექნიკურად გამართული იყოს ეს დანადგარები. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, უნდა ვარეგულიროთ ტემპერატურული სხვაობა და ჭავლის წინ არაფრით არ უნდა ვიყოთ. რაც უფრო მაღალი ხარისხის არის კონდიციონერი, მით უფრო ნაკლებია შიდა ინფიცირების და დეიონიზაციის, გამოშრობის საშიშროება. ამიტომაც აქ, როგორც ყველა სფეროში, არჩევანი უნდა გაკეთდეს ხარისხიან პროდუქტზე. ამ შემთხვევაში კონდიციონერი იზამს დადებით ფუნქციებს, რისთვისაც არის მოწოდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ჩვენ ძალიან ცუდად, მტრად გადაგვექცეს. დღეს კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, როგორც სახლში, ასევე სამსახურში, ორგანიზაციაში, მანქანაში. მთავარია მისი სწორი გამოყენება ვიცოდეთ. კარგად გამოყენებული და კარგად მოვლილი კონდიციონერი ჩვენთვის ძალიან კარგ და ერთგულ მეგობარს წარმოადგენს.
პ.ს. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე საქართველოს ტექნიკის ბრენდულ მაღაზიებში კონდიციონერების ფასი 750 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს. ფასები განსაზღვრულია მწარმოებელი კომპანიის და კონდიციონერის ფუნქციების მიხედვით.