ახლახან ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. მისმა ამ თანამდებობაზე დანიშვნამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანი პოლიტიკაში მიდის. საქართველოს ისტორიას, და არამარტო, არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა პოლიტიკაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის ხელოვანი მიდიოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში განსაკუთრებული წარმატება, ამა თუ იმ პოზიციაზე, არც ერთ მათგანს არ ჰქონია…
ვინ არიან თანამდებობებზე ხელოვნების ამა თუ იმ სფეროდან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში?
ზაზა პაპუაშვილი – რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი, რომელიც საზოგადოებამ არაერთი საინტერესო თეატრალური როლით გაიცნო, საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ. პაპუაშვილს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან არაერთი სკანდალური განცხადების ავტორად ვიცნობთ.
ზაზა ხუციშვილი – კიდევ ერთი სახე საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“. ზაზა ხუციშვილი აქტიურად იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ის პოპულარული ჯგუფის, „ვაკის პარკის“ სოლისტია. საპარლამენტო მოღვაწეობის პარალელურად, ის ნაკლებად არის დაკავებული სამუსიკო სფეროთი და სიახლეებსაც არ სთავაზობს მსმენელს.
ქრისტინე ბაგრატიონი – ექსმოდელი ქრისტინე ძიძიგური იოანე ბაგრატიონზე გათხოვების შემდეგ ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანი გახდა. წარმატებული სამოდელო კარიერა დაასრულა და სხვა ტიპის კარიერაზე გადაერთო. ქრისტინე მცირე ხნის წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
სოფო ხალვაში – ცნობილი მომღერალი „ქართული ოცნების“ ღია მხარდაჭერის შემდეგ „აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეთერიდან მოხსნა. მომღერალი დიდხანს არ დარჩენილა საქმის გარეშე. ის მალევე დანიშნეს ბათუმის მერის მოადგილედ.
ზურა ხაჩიძე – „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, პოპულარულმა შემსრულებელმა სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა თავისი კაბინეტი, როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ. მას საკუთარი ოჯახი მხარში უდგას. თავად ამბობს, რომ დიდხანს კაბინეტში ჯდომას არ აპირებს და საკუთარ გამოცდილებას სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციას მოახმარს.