ბათუმის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით, ნოდარ დუმბაძემ მაშველ ქალებთან დაკავშირებით “ფეისბუქზე” სექსისტური კომენტარი დაწერა.
“ზატო, ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ”, — წერს ნოდარ დუმბაძე.
“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით ნოდარ დუმბაძეს დაუკავშირდა. როგორც საკრებულოს წევრმა “ფორტუნასთან” აღნიშნა, მისი განცხადება სექსისტური არ ყოფილა. თუმცა, აქვე დუმბაძე იმასაც ამბობს, რომ იგივეს მაშველ ბიჭებთან დაკავშირებით არ იტყოდა. ამასთან, დასძენს, რომ თუ საზოგდოებამ ეს კომენტარი სექსისტურად აღიქვა, ბოდიშს უხდის მაშველ გოგოებს.
“ბევრი კომენტარი მაქვს ფეისბუქზე და რატომ დაინტერესდით ამ კომენტარით?”– აღნიშნა მან და დაინტერესდა, რატომ ვფიქრობთ, რომ სექსისტურია მისი კომენტარი.
“მე არ ვფიქრობ, რომ ასეა (სექსისტურია),”- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ. “ფორტუნას” კითხვაზე მაშველ ბიჭზე ამავეს თუ იტყოდა, დუმბაძე პასუხობს – “არა, არ ვიტყოდი.”
“ამიტომ გადაწყვიტეთ, მაშველ ბიჭზე რომ არ ვიტყოდი, რომ სექსისტური განცხადებაა? ნამდვილად არ გამივლია გულში, რომ ჩემი კომენტარი სექსისტური იქნებოდა. ძალიან ვწუხვარ. ერთგვარი პასუხი იყო ეს კომენტარი იმ აჟიოტაჟზე, რაც ატყდა, ხუმრობა, მეტი არაფერი. თუ საზოგადოებამ ასე მიიღო და ამბობენ, რომ ეს იყო სექსისტური განცხადება, მე ბოდიშს ვუხდი მაშველ გოგოებს,”– ამბობს საკრებულოს წევრი “ფორტუნასთან.”
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 2019 წლიდან პირველად მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ქალი მაშველებიც იზრუნებენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან. 20-მდე ახალგაზრდა ქალს ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა მაშველები ჩაცმულობისა და ნაკლები სექსუალურობის გამო გააქილიკა, სოწრედ ამას მოჰყვა ნოდარ დუმბაძის ზემოთ აღნიშნული კომენტარი.