LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელი ბარათი ხელისუფლებას – ვისთვის და რისთვის გაჟღერდა საჯაროდ აშშ-ის გზავნილები

288
baxtazepompeo

სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ანაკლიის პორტი – ეს ის სამი ძირითადი რეკომენდაციაა, რომელსაც აშშ საქართველოს აძლევს. რეკომენდაციები მაღალი ტრიბუნიდან საჯაროდ გაჟღერდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ექნება მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ამას ის პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის მთავრობის სახელით ამბობს. რეკომენდაციები არჩევნებთან, სასამართლოსთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პომპეომ სწორედ ამ მხარდამჭერი განცხადების შემდეგ გააჟღერა.

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ მსგავს რეკომენდაციებს ძირითადად, მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეხვედრების დროს აჟღერებენ. თუმცა, ამჯერად,  შეერთებული შტატები გარკვეული მიზეზების გამო გზავნილებს საჯაროდ აჟღერებს.

 

მე პირადად, არ მახსენდება, რომ ასე დაკონკრეტებით საჯაროდ გაჟღერებულიყო მსგავსი რეკომენდაციები. მსგავს საკითხებზე მოლაპარაკებები იყო ადრე პრეზიდენტ შევარდნაძესთან, მაშინ ბეიკერიც (აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი) კი იყო ჩამოსული, მაგრამ ეს იყო კულუარული მოლაპარაკებები და ღიად არაფერი თქმულა. პომპეოს განცხადებები, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ პოზიცია დააფიქსირა საზოგადოებისთვის, რათა მან იცოდეს თუ რა პრეტენზიები და მოლოდინები აქვს აშშ-ის საქართველოს ხელისუფლებისგან“, – განაცხადა “ფორტუნასთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

მოსაზრებას, რომ აშშ უკვე არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებას ესაუბრება, იზიარებს გია ხუხაშვილიც. ექსპერტი ამბობს, აშშ-ის ადმინისტრაციისთვის გზავნილები საკმაოდ მკაფიო და პირდაპირი იყო.

“ეს პრინციპში, შეიძლება ითქვას, ყვითელი ბარათის ტოლფასია. გარდა ამისა, ამ ადმინისტრაციისთვის საერთოდ დამახასიათებელია პირდაპირობა და ასეთი განცხადებები ყოფილა მათგან ხშირად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რაც სხვათა შორის ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდებოდა”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

სამივე რეკომენდაცია, რომელიც აშშ-ის მაღალი ტრიბუნიდან გამოითქვა ეხმიანება საქართველოში არსებული ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების პრეტენზიებსა და რეკომენდაციებს ხელისუფლების მიმართ. როგორც საიას აღასრულებელი დირექტორი სულხან სალაძე „ფორტუნასთან“ ახლა მნიშნელოვანია ხელისუფლებამ სწორად გაიაზროს აშშ-ის გზავნილები და პრობლემების მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას.

ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია პირველად გაჟღერდა თუ არა მსგავსი გზავნილები, არამედ მნიშნელოვანია როგორ გაიზრებს მათ ხელისუფლება. ყველა ვთანხმდებით, რომ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული არჩევნები და როცა ამას ამბობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც, ეს ნიშნავს, რომ არც მათთვის არის სულ ერთი ამ ქვეყნის მომავალი და განვითარება.

ვთანხმდებით, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა, რაც შეეხება არჩევნებს, ვიცით, რომ 2020 წლისთვის იქნება საპარლამენტო არჩევნები და კანონმდებლობაში საჭიროა ცვლილებები, მათ შორის პრინციპული ხასიათის ცვლილებები“, – აცხადებს საიას აღმასრულებელი დირექტორი სულხან სალაძე „ფორტუნასთან“.

სულხან სალაძის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ არის ჩანიშნული. სალაძე ამბობს, რომ შეხვერა მაიკ პომპეოს განცხადებამდე დაიგეგმა, თუმცა, ამ განცხადებების შემდეგ არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ მოლოდინების კუთხით შეხვედრამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძლება შეიძინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები