დღეს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა კანდელაკმა, პრესკონფერენცია გამართეს.
„საქართველო მსოფლიო კალენდარზე“, ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც აპრილიდან მოყოლებული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი უმასპინძლებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უამრავი კულტურული ღონისძიება, მათ შორის „მერსედესის“ მოდის კვირეული მაისის დასაწყისში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, „ფოლკლორის ფესტივალი“, „ჰიტ ბათუმი“, „კავკაზ ჯაზფესტივალი“ ახლაციხეში, „ფესტინოვა“ გარიყულაში, შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, „არტ გენი“, „ჯემ ფესტი“, ბათუმის კინოფესტივალი, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი და სხვა საინტერესო კულტურული ღონისძიებები. დაგეგმილია კონცერტები რეგიონებში სხვადასხვა ქართველი ვარსკვლავის მონაწილეობით.
დღეს გაცხადდა პროექტის ლაინ-აფის ნაწილი. მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ თბილისში 24 აპრილს ეროს რამაზოტის, ხოლო 27 მაისს, რობი უილიამსის კონცერტები გაიმართება. ბათუმის საოცრებათა პარკი, „ანბანის“ კოშკთან 7 ივნისს პოპულარუ პოპ-როკ ჯგუფს „Maroon 5“ უმასპინძლებს, ქუთაისი 18 ივნისს – საოპერო შემსრულებელ ხოსე კარერასს.
ბათუმის ჯაზფესტივალის მონაწილეთა სია მალე გახდება ცნობილი, მანამდე კი რადიო „ფორტუნამ“ მისი ერთ-ერთი მთავარი მონაწილის შესახებ უკვე მოგაწოდათ ინფორმაცია და ეს იქნება ლორენ ჰილი.
პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიებები ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, რობი უილიამსმა უკვე განათავსა ინფორმაცია ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გამართვის შესახებ, მას სოციალურ ქსელში 4 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რაც ქვეყნის ცნობადობას გაზრდის.