თბილისში, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტის მაღაზია გაიხსნა.
მაღაზია წერტი დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩა #10-ში მდებარეობს და ქართული პროდუქციის გარდა ნახევარფაბრიკატებიც იწარმოება.
თანამედროვე სტანდარტების მაღაზიაში მომხმარებელს კომპანიის „აგროქიზიყი“ და მისი პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზის, კახური თონის პურისა და სხვა პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა აქვთ.
მაღაზიის გახსნას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.
„კონცეფცია ფერმიდან-სუფრამდე მთელ მსოფლიოში ვითარდება და ძალიან პოპულარულია. მისი არსი, პირველადი წარმოებიდან მომხმარებლამდე, ჯანსაღი და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფაა. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მოკლეა პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი, მით უფრო ახლოა მომხმარებელი მწარმოებელთან, ფერმერთან, შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაცია მეტია, პროდუქციის ხარისხი კი უკეთესი. მსგავსი კონცეფციის, თანამედროვე სტანდარტის მაღაზიების თუ სავაჭრო ობიექტების არსებობა, ერთი მხრივ, სტიმულია ადგილობრივი ფერმერებისთვის აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და მარტივად მოახდინონ მისი მომხმარებლამდე მიტანა და რეალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ერთ სივრცეში შეიძინოს ადგილობრივი წარმოების, ჯანსაღი, მაღალი ხარისხის სასურსათო პროდუქცია,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა კომპანია „აგროქიზიყის“ პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
კომპანია „აგროქიზიყის“ მიერ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 400 000 ლარს შეადგენს.
კომპანია „აგროქიზიყი“ 2011 წელს, დედოფლისწყაროში დაფუძნდა. წლების განმავლობაში, კომპანიამ გააფართოვა ფერმერთა მომსახურებისა და სერვისების სპექტრი.