ნარკოტიკის ფლობაში ბრალდებული გიორგი შანიძე 2-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა გამოიტანა.
როგორც „ლიბერალს“ მისმა ადვოკატმა, ლევან აფრასიძემ განუცხადა, ბრალდების მხარე შანიძეს კანონმდებლობის მიხედვით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (5,1 გრ ჰაშიში და 3,3გრ MDMA) ფლობას ედავებოდა.
დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი შანიძეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნოდა. ადვოკატის თქმით, ჩხრეკა-დაკავების ოქმთან გამომძიებლების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების საფუძველზე მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
„სამი გამომძიებელი მონაწილეობდა ჩხრეკაში, აქედან ერთ-ერთმა სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა ფაქტები, მან აღნიშნა, რომ არ ახსოვდა ეს შემთხვევა, ეს ფაქტები. ვერ დავადასტურებ ჩემ მონაწილეობას ამ საგამოძიებო მოქმედებებშიო. ეს იყო მთავარი გამომძიებელი. როდესაც მთავარი გამომძიებელი იკითხება სასამართლოზე, იკითხება სწორედ იმის დასადასტურებლად, რაც მან ჩაატარა – ჩხრეკა, ამოღება. ანუ ყველაზე მთავარი მტკიცებულებები, რამაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა. როდესაც ეს პირი სასამართლოში მოდის და არ ადასტურებს ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ძალას კარგავს ყველა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება… დანარჩენმა გამომძიებლებმაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს,” – განაცხადა ადვოკატმა.