თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა.
დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზეა საბურთალოს რაიონის გამგებელიც. გაიოზ სულაძის თქმით, ზარალს ითვლიან.
მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი 24 საათის განმავლობაში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, ზარალის შესახებ კომპანიას განცხადებით მიმართონ, რის შემდეგაც ისინი მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებენ.