LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0,5%-ით გაიზარდა

37

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა მარტში, თებერვალთან შედარებით, 0,5 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე 73.8 მლნ ლარით მეტია (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით).

”თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 35.5 მლნ ლარით ანუ 0.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით)”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 28.21 პროცენტი შეადგინა – პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით 0.45 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.41 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები