LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათიდან ცხოვრება გაგვიძვირდება

336
ლარმააა

ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ბოლო კვირაში ეროვნული ვალუტა რადიკალურად გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა კი 2.78 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.

ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი კვირიდან პროდუქტები გაძვირდება. მაშინ, როდესაც ბაზარი 80%-85%-ით იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ დოლარზე დამოკიდებულება ქვეყანაში წლიდან წლამდე შემცირდება. მისივე თქმით, ამ პირობებში, როდესაც ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა პროდუქტებზე ფასების მატებას მაინც არ უნდა ველოდოთ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ზუსტად ის ნაწილი კი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ყველაზე მოწყვლადია, დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ. წლიდან წლამდე ეს დამოკიდებულება შემცირდება; ალბათ სრულად ვერ გაქრება, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ ამ რყევების ეფექტი “, – განაცხადა მინისტრმა მედიასთან.

ეროვნული ვალუტის დრამატულ ვარდნას და გაუფასურებას გარე ფაქტორებს და კონკრეტულად, თურქეთში არსებულ ვითარებას უკავშირებს ქვეყნის პრემიერი. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სტაბილურობა მალე დაბრუნდება, არგუმენტად კი ეროვნული ბანკის რეზერვები მოჰყავს. თუმცა, პრემიერი კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობს და გამოსავალს გრძელვადიან გეგმაში ხედავს.

„ბიზნესის არგუმენტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა ყველას გვესმის, რომ ბიზნეს გეგმა არ კეთდება სამ დღეზე. ვიღაცის არგუმენტი არის ის, რომ სამი და ოთხი დღით ხელმძღვანელობს თავისი ერთწლიანი ბიუჯეტის შედგენისას, რამდენიმეწლიანი სტრატეგიის დაგეგმვისას, მე მგონი, ეს, ალბათ, არასწორად გავიგეთ. თითოეულ ქვეყანას, თითოეულ მეზობელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათ ეკონომიკაში არსებული სიტუაცია ახდენს გავლენას ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი არასწორ სპეკულაციას ან არაჯანსაღ პროცესს და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ვალდებულება არის და ის იმოქმედებს იმ რეჟიმში, როგორც უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

"ეს არის ლარის უპატრონობა და მიგდებულობა" - 2.80 ვალუტის ახალი რეკორდია

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებენ შექმნილ ვითარებას კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო იმპორტიორები სერიოზულად დაზარალდნენ და ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი. მისივე განმარტებით, ყველა სახის პროდუქციაზე, რომელიც იმპორტირებულია, არ არის გამორიცხული უკვე მომდევნო კვირიდან ფასები მოემატოს.

„როდესაც ხარ იმპორტიორი კომპანია და იმპორტირებული გაქვს პროდუქტი, როდესაც ფასი გაქვს დათვლილი პირობითად ვამბობ 2.70-ზე და ამ კრიტიკულ ნიშნულს სცილდება და ადის 2.80-ზე, ლოგიკურია, რომ ამ პროდუქტების ფასები ძვირდება. თუმცა, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ ფასების ცვლილება ძალიან სწრაფად არ გავაკეთოთ, რადგან ამას ნეგატიური შედეგები მოყვება. ერთი ის, რომ მსყიდველუნარიანობა დაბალია და რეალიზაცია გივარდება. მეორე კი ის არის, რომ ფასების გაძვირება ასე ერთბაშად ვერ ხდება, მას პერიოდი სჭირდება. სწორედ ამიტომ სადისტრიბუციო კომპანიებს ძალიან სავალალო მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. აქვე, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ნედლეული ფაქტობრივად ყველა მწარმოებელ კომპანიას ძირითადად უცხოეთიდან შემოაქვს. თუნდაც ავიღოთ ფქვილი, ზეთი, მარგარინი. ძირითადი ნედლეული შემოტანილია, ანუ იმპორტირებული. აქ აუცილებლად ხაზია გასასმელი ნავთობპროდუქტების ფასზე, რადგან ისიც კატასტროფულად ძვირდება და ეს პირდაპირპროპორციულად ურტყამს სადისტრიბუციო ბიზნესს. კომპანიები, რომლებიც ისეთ პროდუქტებს ყიდიან, როგორიც არის ზეთი, შაქარი, ფქვილი, კარაქი, რომელიც არის იპორტირებული და სწრაფ ბრუნვაშია შესაძლებელია გაზრდილი ფასებით უახლოეს კვირაშიც  ვიხილოთ. თუ ეს კურსი ასე გაგრძელდა პერმანენტულად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რიგი კომპანიები დაიწყებენ ფასების ზრდას“, – განაცხადა ივა ჭყონიამ „ფორტუნასთან“.

საწვავზე ფასები უკვე ერთი თვეა ეტაპობრივად იზრდება. ნავთობის იმპორტიორ მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის  თქმით, ეს მატება გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასის გამო მოხდა.  მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულზე დარჩება, ეს აუცილებლად მოახდენს ფასების კორექტირებას და საცალო ქსელებში საწვავზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასები ჩვენთან უკვე გაზრდილია საშუალოდ 15-20 თეთრით და ეს გამოწვეულია გლობალურ ბაზრებზე გაზრდილი ბარელი ნავთობის ფასით. მათ შორის გაზრდილია ნავთობპროდუქტების ფასი, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე და შესაბამისად, ჩვენთანაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდა ფასების კორექტირება. თუმცა, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ფასი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივ ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესში, ასევე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან პროდუქცია არის ნაყიდი დოლარში. თუ აქ არსებული ვითარება არ შეიცვალა და ლარმა არ დაიწყო დოლართან მიმართებაში გამყარება, რა თქმა უნდა, ეს ყველა ვარიანტში გავლენას მოახდენს საცალო ქსელში არსებულ პროდუქციის ფასებზე და ყველა ვარიანტში ფასები რაღაც დოზით აუცილებლად მოიმატებს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“.

ის, რომ საწვავზე ფასის მატების ტრენდი შენარჩუნდება ადასტურებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. მისი განმარტებით, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულზე გაჩერდება და არ გამყარდება დოლართან მიმართებით, „ასეთი ტრენდი იმოქმედებს მხოლოდ ფასების გაზრდაზე და არა შემცირებაზე.“

ბუნებრივია ჩვენ პროდუქციის იმპორტს ვაკეთებთ და თუ გრძელვადიან რეჟიმში ეს ნიშნული შენარჩუნდება, სამწუხაროდ, აისახება შემდგომ ფასში. ჩვენ ნელა-ნელა ვზრდიდით ფასებს, თუმცა ეს ტრენდი ისევ გრძელდება საერთაშორისო ფასიდან გამომდინარე.  ჩვენ გვქონდა ძველი ნაშთები და ამიტომ მყისიერად არ მომხდარა ქართულ ბაზარზე ნავთობის ფასის მომატება, რამდენიმე კვირის და თვის დაგვიანებით ხდება ხოლმე ყოველთვის ასახვა. ვალუტის კურსის შემთხვევაშიც იგივე არის, ჩვენ გვაქვს გარკვეული ნაშთები, რომელიც განბაჟებული არის უკეთესი ნიშნულიანი კურსით, ამიტომ გარკვეულწილად ეს ასე მყისიერად არ აისახება. მაგრამ, თუ კურსი შენარჩუნდება ამ ნიშნულზე შესაბამისი გადაანგარიშება მოხდება ახალ იმპორტირებულ პორდუქტებზე. იმ მომენტისთვის, როდესაც პროდუქცია განბაჟდება, რამდენადაც იქნება დევალვირებული ლარი, იმ პროპორციით მოხდება მისი გადაანგარიშება. სამწუხაროდ, ასეთი ტრენდი იმოქმედებს მხოლოდ ფასების გაზრდაზე და არა შემცირებაზე“, – განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები