ბაქოში დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური კომისიის სხდომა დღესაც გაგრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ვერანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ან თუნდაც სადავო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდება.
“დღეს გაგრძელდება მუშაობა. ამიტომ რაიმე შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი. საქართველოს კონტროლირებად ან რაიმე სადავო ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება. ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ გარკვეული მიწის სამუშაოებს ატარებს აზერბაიჯანული მხარე.
როგორც თავად ამბობენ, ისინი თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე ატარებენ რაღაც სამუშაოებს, მაგრამ დღეს გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია, თავის კოორდინატებით და ა.შ. ახლა კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც არის საქართველოს კონტროლირებადი ან რაც არის სადავო ტერიტორია, აქ საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება” – გაანცხადა ლაშა დარსალიამ
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა დღეს დასრულდება. მოლაპარაკების პროცესს თვალს ადევნებს საპატრიარქოც.
პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული.
“აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს მოლაპარაკების პროცესს. იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული,”-წერს Facebook-ზე დეკანოზი.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა ბაქოშიგუშინ დაიწყო.
ამასთან, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტომასალა და ვიდეოკადრები, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანულ მხარეს ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. მისივე თქმით, ტექნიკის მობილიზება ჩიჩხიტურის კოშკთან გზის გაყვანის სამუშაოებს უკავშირდება.