ცნობილი გახდა ამა წლის იანვარში ჩატარებული პედაგოგთა ტესტირების შედეგები. ტესტირება სულ 6477-მა პრაქტიკოსმა პედაგოგმა გაიარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1101-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე საგანგაშო შედეგები დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. გამოცდაზე მისული 1167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება შეძლო მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8%-მა.
პედაგოგი, განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია მიიჩნევს, რომ ტესტირების შედეგებს უნდა დაერქვას რეალური სახელი და საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გააცნობიერონ, რა პრობლემის წინაშე დგას ქართული განათლების სისტემა.
მოსალოდნელი იყო თუ არა თქვენთვის ტესტირების შედეგები, რომლებიც ახლახან გასაჯაროვდა?
გია მურღულია:
ამაზე არაერთხელ მისაუბრია წლების განმავლობაში – ჩვენი განათლების სისტემის მთავარი პრობლემა არის მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია. იმ რეალობაში, სადაც მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აქვს სათანადო ცოდნა და კომპეტენცია საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად, განათლების ხარისხის ამაღლებაზე საუბარი არასერიოზულია.
მთავარია, რომ ორ რამეს მივხვდეთ და შევაფასოთ – რატომ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში და რა ეშველება ამ ამბავს.
პირველ შეკითხვაზე პასუხი ამგვარია – მოტივაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც სკოლაში მასწავლებლებად მუშაობენ, რბილად ვამბობ, არასაკმარისია იმისთვის, რომ მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ხელისუფლების სურვილი, გაზარდოს მასწავლებელთა ანაზღაურება, ის აბსოლუტურად არ არის მომხიბვლელი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილისთვის.
დიდი ხანია, ვგრძნობ და არა მხოლოდ ვგრძნობ, ზუსტადაც ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, ჩვენს განათლების სისტემასა და ბავშვებს რეალური სარგებელი მოუტანოს, არც იყურება სკოლისკენ. ამით იმას არ ვამბობ, რომ სკოლებში კარგი მასწავლებლები არ მუშაობენ. ჩვენ გვყავს კარგი, ძალიან კარგი და მეტიც, ბრწყინვალე მასწავლებლები, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა და ისინი სრულ კი არა, სანახევრო ამინდსაც ვერ ქმნიან ჩვენს სკოლებში.
ანაზღაურების გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ ჩვენი საზოგადოება ჯეროვნად არ აფასებს მასწავლებლის პროფესიას. საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, შეიქმნას განათლებული ადამიანის და მისი ცხოვრების წესის, არ მომერიდება ამ სიტყვის გამოყენება, კულტი. ადამიანი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, არა მხოლოდ ასწავლის ჩვენს შვილებს, არამედ პიროვნებებადაც აყალიბებს, ამიტომ მთავარია, რომ ის საზოგადოებამ შეაფასოს და დააფასოს.
თავად სასკოლო განათლების იდეა საქართველოში, უმაღლესი განათლების იდეასთან შედარებით, ძალიან დამდაბლებული და დამცირებულია. სკოლას თითქოს მაინცდამაინც დიდი ამოცანები არ აქვს, ასე უყურებენ სკოლის მნიშვნელობას, რაც ძალიან სამწუხარო ამბავია.
ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც ამ დღეში აღმოვჩნდით.
მეორე შეკითხვაა, რა ეშველება ამ ყველაფერს? – მასწავლებელთა 83% გამოცდას რომ ვერ აბარებს, ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს სკოლებში ვერ ვამზადებთ რეალური ცხოვრებისთვის. უნდა მივხვდეთ, რომ პრობლემა არის ძალიან მწვავე და თუ ის არ გადაწყდება, საუბრები სახელმწიფოს განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცების შესახებ, არის წყლის ნაყვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სკოლის პრობლემის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საკითხს.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ „დრამატულად“ გაზარდოს განათლების სისტემის დაფინანსება და ეს პირველი ამოცანაა, თუმცა მხოლოდ ფულში არაა საქმე, ფული და ჭკუა უნდა შეხვდეს ერთმანეთს. მნიშვნელოვნად უნდა ამაღლდეს მმართველობითი კულტურა ყველა დონეზე. ამისთვის აუცილებელია, სკოლებში განათლების მენეჯერების ახალი თაობა მოვიდეს და ძველი, გამოცდილი თაობაც არ დაიკარგოს. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს, რომ მასწავლებლობა, განათლების სფეროში საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი და განათლების სფერო აქციოს რეალურ პრიორტეტად და არა წარმოსახვითად, ჩვენმა პარლამენტმაც უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და განსაზღვროს განათლების პრიორიტეტები, რის საფუძველზეც განათლების სამინისტრო და სკოლები დაიწყებენ თავიანთი ფუნქციების უკეთ განხორციელებას. ეს არის მინიმუმი, რაც დასაწყისში უნდა გაკეთდეს.
თქვენი მოსაზრებით, რატომ აქვთ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ყველაზე ცუდი შედეგი?
მასწავლებელთა მომზადების სისტემა მნიშვნელოვნად უნდა დაიხვეწოს, ვგულისხმობ იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ამზადებენ პედაგოგებს ქართული სკოლებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და გააზრებული ისიც, რომ მომზადების პროგრამაში თეორიული ნაწილი ასე მნიშვნელოვნად არ უსწრებდეს პრაქტიკულს. ვიცნობ დასავლურ გამოცდილებას და ვიცი, რომ მომზადების მოზრდილ ნაწილს მასწავლებლები სკოლაში ატარებენ. როგორც ამბობენ, ჯარისკაცი ბრძოლაში ყალიბდება. ჩვენთან ბოლო დრომდე ასე იყო, რომ თეორიული ნაწილი იყო უზარმაზარი, პრაქტიკა – უმცირესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ აკეთებს იმას, რასაც სწავლობს.
ერთიც არის, დაწყებით განათლებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, უფრო მეტიც, ვიდრე ზოგად საფეხურს. მაგალითად, ფრანგულ კოლეჯებს აქვს ასეთი ტრადიცია: ვინც წარმატებით ამთავრებს, მათ აძლევენ სკოლაში სწავლების უფლებას, ვინც წარჩინებით ასრულებს, დიპლომში დამატებით უწერენ დაწყებით კლასებში სწავლების უფლებას. ჩვენთან კი ასეა წლების განმავლობაში, ვინც ზედა კლასებში მაინცდამაინც ვერ ივარგებს, მას უშვებენ დაწყებით კლასებში. თითქოს დაბლა ნაკლები ამოცანები გვხვდებოდეს. არადა, დაწყებით საფეხურზე გაფუჭებულ საქმეს ძნელად თუ გამოასწორებს ადამიანი. ასეთი დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების მასწავლებლებს შორის ამ მიზეზებითაც შეიძლება იყოს განპირობებული.
დაბოლოს, თუ შეიძლება, რომ ტესტირების შედეგებს დავარქვათ კატასტროფული?
ინგლისელებმა იციან თქმა – რეალური სახელის დარქმევა. თუკი გვინდა პრობლემის გააზრება და მისი გადაწყვეტა, მას რეალური სახელი უნდა დავარქვათ. ჩვენმა საზოგადოებამ თვალებში უნდა შეხედოს ამ პრობლემას, ჯერ აღიაროს, შემდეგ კი საჯაროდ განაცხადოს, რომ ეს არის კატასტროფული შედეგი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მის გამოსწორებაზე მუშაობა სასწრაფოდ არის დასაწყები, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდება, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ძალიან რომ არ გაიწელოს, მუშაობა დღეიდან არის დასაწყები…