LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებს

1237
ჩვილის გარდაცვალება ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.

გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.

“საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე და როგორც ყველა დედამ, მეც ისე მოვამაზადე წვნიანი. ჯერ ბავშვმა ჭამა და შემდეგ ჩვენ. უცებ ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა. სასწრაფოს არ დაველოდეთ და საავადმყოფოში ნათესავის მანქანით გადავიყვანეთ, მიყვანიდან 2 საათში გარდაცვლილა ჩემი ბიჭი. მეც ცუდად ვიყავი და არ მახსოვს არაფერი. რატომ ყიდიან ასეთ საწამლავს, ჩემმა მეორე ბავშვმა არ ჭამა, მადლობა ღმერთს. ჩემი ქმარიც ცუდად გახდა. აიღეს ყველანაირი სინჯი და ველოდებით პასუხს, არ მინდა სხვებიც ამ მდგომარეობაში ჩავარდნენ“, – განაცხადა ელზა გამყრელიძემ.

მომხდარზე დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები