სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ,,ჩხოროწყუჰესის“ გენერატორი #1-ის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატს, შესაბამისად, 6 მგვტ-იანი ჰესის გამომუშავება, დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 2 252 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
,,1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის“, – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკის და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევან საჩალელმა.
ცნობისთვის, ,,ჩხოროწყუჰესის“ აგრეგატის რეაბილიტაცია-რეკონსტრუცია 2017 წლიდან, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰესზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა. მეორე აგრეგატის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი მოხერხდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაზრდა.
,,ჩხოროწყუჰესი“ საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში. ჰესი აგებულია მდინარე ხობისწყალზე. ექსპლუატაციაში გაეშვა 1967 წელს. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ-ია.