პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაული ამბობს, რომ მას სასტუმრო “მამიდაში” მოხუცთა თავშესაფრისა და “კათარზისის” გახსნა უნდოდა.
მისივე თქმით, ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო “მამიდა”იჯარით ჰქონდა აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა, მან შენობის დასაცლელად გარკვეული პერიოდი ითხოვა, რაზეც ხუცურაული დათანხმდა.
შესაბამისად, როენა ხუცურაული წაყენებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
“პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ”,- მიმართა მოსამართლეს როენა ხუცურაულმა.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატები კი მისი 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ის გახლავთ სამოცი წლის. ავადმყოფია. გამოძიებასთან აპირებს თანამშრომლობას. ვითხოვთ შეეფარდოს გირაო 20 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.
პროსტიტუციის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
ფოტო: “ინტერპრესნიუსი”