ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თელავის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
მათი განცხადებით, ალაზნის მარცხენა შენაკადები არის ადიდებული. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ პრობლემა არ შექმნიათ.
ღვარცოფმა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები დატბორა, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება ამ ეტაპზე შეფერხებულია.
“ფორტუნა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დეპარტამენტის საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა მეხანძრე მაშველი ლეჩურშია მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა დახმარება 8 ოჯახს გაუწიეს, რომლებსაც სარდაფები დაეტბორათ.