მოტივტივე ქალაქები დიდი ხნის განმავლობაში უტოპია იყო, რომელიც უფრო მეტად ფანტაზიაზე იყო დაფუძნებული, თუმცა გაეროს თანამშრომლობით განხორციელებული პროექტით, ეს კონცეფცია რეალობას მიუახლოვდა.
UN-HABITAT-ის გუნდში, რომელიც მდგრად ურბანულ განვითარებაზე მუშაობს, იქნება კერძო კომპანია ოკეანიქსი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და ექსფლორერების კლუბი, ასევე პროფესიული საზოგადოება, რომელიც მსოფლიოს გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებაშია ჩართული. ეს გუნდი, იდეას კიდევ უფრო მიუახლოვებს რეალობას.
გაეროს ჰაბიტატის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კლიმატის საგანგაშო ცვლილებებიდან და ზღვის დონის მატებიდან გამომდინარე, მოტივტივე ქალაქები შესაძლოა ერთ-ერთი ან ერთადერთი გამოსავალი იყოს.
მსოფლიოს პირველი მდგრადი მოტივტივე ქალაქი ექვსკუთხა პლატფორმა უნდა იყოს – ზღვის ფსკერზე მიბმული, ერთ სახლში დაახლოებით 300 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი, ეფექტურად შექმნილ სამეზობლოში კი 10 000 ადამიანამდე იქნება.
ქალაქის ქვეშ განთავსებულ გალიებში შესაძლოა სხვადასხვა სახის საკვები (ძირითადად ზღვის პროდუქტები) შეგროვდეს.
კომპანია ოკეანიქსის დირექტორი აცხადებს, რომ ტექნოლოგია, რომლითაც დიდი, მოტივტივე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას, უკვე არსებობს. ათასობით ასეთი სახლი უკვე არსებობს ჰოლანდიასა თუ სხვა ქვეყნებში, თუმცა ახლა პრობლემური მასშტაბის და ასევე, თემების შეკავშირების საკითხია.
„პრობლემურ საკითხად რჩება ადამიანების ფიქრები და შიშები იმის შესახებ, შეძლებს თუ არა რეალურად „ტივტივს“ ასეთი ქალაქები,“ – ამბობს ის.
ოკეანექსის გუნდი ახლა ქალაქის ნარჩენების მართვის, წყლის საინჟინრო, საზღვაო რეგენერაციისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე მუშაობს. კოლინსის განცხადებით, ქალაქი დაცული უნდა იყოს ბუნებრივი კატასტროფებისგანაც.
„მოტივტივე ქალაქები განლაგებული იქნება იმ ადგილებში, სადაც წყლის სიღრმე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ცუნამის საშიშროება თავიდან ავიცილოთ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ პლატფორმები ასევე უნდა უძლებდნენ წყალდიდობებსა და ქარიშხლებს.
გეგმები რეალურია?
პროექტის განხორციელების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფსიქოლოგიურია და არა ტექნოლოგიური. ამის შესახებ BBC-ის ექსფლორერის კლუბის პრეზიდენტმა რიჩარდ უესიმ განუცხადა.
„ხალხი ნერვიულობს, როდესაც „ტივტივზე“ ფიქრობს. როდესაც ჩვენი გეგმა მეუღლეს გავაცანი, მასაც ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, ის ტექნოლოგიურად ასეთი ქალაქის შექმნის პრობლემაზე კი არა, იმაზე ფიქრობს, რომ არ მოეწონებოდა ისეთ რაღაცაზე ცხოვრება, რაც გადაადგილდება და მყარი არ არის“, – აცხადებს ის.
მასებისა და პოლიტიკოსების ნდობის მოსაპოვებლად, უეისი ამბობს, რომ ქალაქის მცირე, სატესტო მოდელები, ჰონგკონგის, ნიუ-იორკის ან ბოსტონის მახლობლად უნდა შეიქმნას.
იდეის განხორციელების კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას საკმარისი დაფინანსება არ აქვს.
„ისინი ვინც, ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებენ, ძალიან კონსერვატორები არიან. როგორც წესი, ისინი ინვესტიციას დებენ იმაში, რაც კარგად ესმის. როცა მათთან მიდიხარ და ეუბნები, რომ აშენებ ქალაქს, რომელიც ოკეანის წყალზე იტივტივებს, ისინი გეკითებიან „მართლა?“ – ამბობს სტივ ლევისი, რომელიც “გაეროს ჰაბიტატის” გუნდშია.
უაისი ერთ-ერთი პირველია, ვინც ინვესტირება ქარის ელექტროსადგურებში გააკეთა. ახლა ამბობს, რომ მოტივტივე ქალაქების იდეას დაფინანსებისთვის მოპოვებისთვის „ბუნკერების სცენარი სჭირდება. მისი თქმით, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ეს გადარჩენის გზაა და არა მდიდარი ადამიანების გასართობად შექმნილი სამყარო.
„თუ გადავხედავთ „აპოლო 11-ის“ მისიას (პირველი პილოტირებული მისია მთვარისკენ), ნახავთ რამდენი ნაბიჯი იყო იმისთვის საჭირო, რომ მთვარემდე მიგვეღწია,“ – ამბობს უაისი.