LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა

60

უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა. როგორც ”ფორტუნას” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა.

მათივე ცნობით, ეს ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად  მიიღოს, შესაბამისი ველები  შეავსოს და სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული.

”სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის” – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული. უახლოეს მომავალში სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიების განთავსებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები