მუსლიმური სამყარო რამადანის (რამაზანის) თვის დაწყებას ზეიმობს. მუსლიმები რამაზანის თვის განმავლობაში მარხვას იცავენ.
ისლამური რწმენით, რამადანის თვე გამორჩეულია, რადგან ყურანის პირველი აიები სწორედ ამ თვეში გარდმოევლინა და რადგანაც მთვარის წელიწადი მზის წელიწადზე 10 ან 11 დღით მოკლეა, რამადანის თვე გადაადგილდება მზის კალენდართან მიმართებაში.
რამაზანის თვეში მუსლიმები მარხულობენ. ისლამში მარხვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ერთ-ერთია ისლამის ხუთი ბურჯიდან. მომარხულე მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს დღის განმავლობაში, გარიჟრაჟიდან მზის ჩასვლამდე, საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ასევე ხორციელი სიამოვნების, ავი ფიქრების, ბილწსიტყვაობისა და მოწევისგან. რამაზანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყება მიულოცა.
„ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას. ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნისა და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში. მწამს, რომ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებასა და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას. საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის დაწყებას. მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვის ტექსტში.