ეკონომიკის ყოფილი მინისტი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ ჯერ საკუთარი საქმეებისა და ჯანმრთელობისთვის უნდა მიეხედა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშნვიდან პირველ თვეებში, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა რამდენჯერმე შვებულებაში.
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გადაცემაში „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მმართველ გუნდთან შეთანხმებული ჰქონდა და უკვირს, რატომ არავინ დაიცვა ის, როცა კრიტიკის ობიექტი გახდა.
“საქმე იმაშია, რომ ჩემი მოლაპარაკება როგორც პრემიერ მინისტრთან, ასევე პარტიის ლიდერთან მკაფიოდ ის იყო, რომ მე ვთანხმდებოდი ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექნებოდა საშუალება, რომ საქმეები გადამებარებინა და ჯანმრთელობისთვის მიმეხედა და ჩვენი მოლაპარაკება იყო იმაზე, რომ მე დავიწყებდი სრულფასოვნად ამ სამუშაოს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში. ეს იყო მკაფიოდ თქმული და მოლაპარაკებული. ამასთან ერთად მე, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში და ვიმუშავე, მაგრამ სრულფასოვნად მუშაობას შევუდექი მხოლოდ სექტემბრიდან. მე მომდიოდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ როცა არ ვიყავი საქართველოში მწვავე კრიტიკის ქვეშ მოვყევი საქართველოში არ ყოფნის გამო. მე მართალი რომ გითხრათ ძალიან გამაკვირვა იმან, რომ არავინ დამიცვა, იგივე ჩემი გუნდიდან, იგივე მმართველი გუნდიდან და მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში იყო საქმე. შესაძლებელია, ახლა ვხვდებოდე, მაგრამ მაშინ ჩემთვის გასაკვირი იყო,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.