LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

118
დაკავება-1

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ სამ პირს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიდევ ერთი პირი კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულები ზესტაფონში ერთერთ მცირე მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა და სანაცვლოდ მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. აღიარებენ რა „ქურდულ სამყაროს“, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში და თავისი ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ.

2018 წლის მაისში აღნიშნული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ქ.ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, რის სანაცვლოდაც მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო ან მათთვის სისტემატურად გარკვეული თანხა გადაეხადა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ.-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა,” – წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს.