LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბერუჩაშვილი: ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქტისთვის მთავარი ბარიერი – კონკურენციაა

82

ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან, თამარ ბერუჩაშვილთან.

 – უკვე ერთ წელზე მეტია, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდება. ჯერ არც თუ ისე დიდი დრო არის გასული, თუმცა თუ არის შესაძლებელი კონკრეტულ შედეგებზე საუბარი? თუ არის რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით და რა პერსპექტივები გვაქვს წინ?

– ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა ეს მყისიერად არ ხდება. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი, რომელშიც ქვეყანა უკვე მეორე წელია ჩაერთო. თუმცა ის ტენდენციები, რაც ეკონომიკურად რთულ გარემოში შეინიშნება, საკმაოდ დამაიმედებელია.

– კონკრეტული პროდუქტების დასახელება თუ შეგიძლიათ, რომლებსაც უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ევროპის ბაზარზე? 5 პროდუქტი რომ გვითხრათ რომელსაც, თქვენი აზრით, ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შეუძლია.

– მე მჯერა, რომ იგივე ქართული ხილი, ბოსტნეული, თაფლი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მაღალი გემოვნური თვისებებით ხასიათდება საკმაოდ დიდი პერსპექტივის მქონეა. თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს იყოს ნამდვილად ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ამაში ევროკავშირის მომხმარებელი რამდენჯერმე მეტ ფულს გადაიხდის.

– რა ბარიერები შეიძლება დახვდეთ ქართულ კომპანიებს ევროპის ბაზარზე?

– უპირველეს ყოვლისა კონკურენცია. პროდუქტი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს თავისი ხარისხით. პირველი ბარიერია იმ მოთხოვნების შეცნობა, რაც ევროპის ბაზარს აქვს. ზოგადად, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებით, უნდა შესრულდეს ყველა მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობით არის დადგენილი. ეს ქართულმა ბიზნესმაც კარგად იცის და რაც არ იცის, ძალიან ბევრს სწავლობს. ამასთან ერთად, ამ ყველაფერს კარგი მარკეტინგი და მომხმარებლისთვის სათანადოდ მიწოდება სჭირდება.

– ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ელჩებს სთხოვა, რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. მარტში თქვენ ლონდონში გაემგზავრებით და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებთ.  თუ გაქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა სწორედ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით?

– ეკონომიკური დიპლომატია მუდამ განსაკუთრებული ამოცანა იყო ქართველი დიპლომატებისთვის. რაც შეეხება ჩემს სამოქმედო გეგმას, იგი მოიცავს კონკრეტულ ბიზნესფორუმებს, ეგრეთწოდებულ როუდშოუებს, რომლებიც არამარტო ლონდონში. უნდა ვითანამშრომლოთ სავაჭრო და საინვესტიციო პალატებთან, რაშიც ეკონომიკის სამინისტროს და საინვესტიციო ცენტრის დახმარებაც დაგვჭირდება. მაისში უკვე დაგეგმილია ერთი ღონისძიება ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის სახით, რომლის ფარგლებშიც იქნება ბიზნესფორუმი, სადაც ქართულ შესაბამის სტრუქტურებს და ორგანიზაციებს მოვიწვევთ.

– რა სექტორებში შეიძლება, რომ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ინვესტიციები მოვიზიდოთ?

– ვფიქრობ, საინტერესო იქნება ლოჯისტიკის განვითარება, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ნებისმიერი ბრიტანული კომპანიის მოზიდვა, რომელსაც გარკვეული წარმოების განხორციელება უნდა, საინტერესო იქნება ფინანსური სექტორი.

– რამდენად სანდოა უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარი?

– დღეს, მსოფლიოში ძალიან დიდი კონკურენციაა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო თვალსაჩინო რეფორმატორი და ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა. ბაზრის სანდოობას ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული ინვესტიციები და კომპანიების გამოცდილება ქმნის. წელს საქართველოში ბრიტანეთის უდიდესი კომპანიის British Petroleum-ის საქმიანობის 20 წლისთავია. BP-თან თანამშრომლობა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური თემაა და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ უფრო სერიოზული მომავალი ექნება.

ჩემთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური ელჩები უნდა იყვნენ ის ბრიტანული კომპანიები, რომლებსაც ქართულ ბაზარზე წარმატებული გამოცდილება აქვთ.

– რა პერსპექტივები აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს? თუ არის დაინტერესება, რომ ბრიტანული ტვირთები აზიაში საქართველოს გავლით ჩავიდეს?

– ის მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი, რომელიც საქართველოს აქვს, ახალი რეჟიმით არის გამყარებული. ეს არის თემა, რომელიც გამუდმებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. ჩემი ინტერესი იქნება, რომ მეტ ბრიტანულ კომპანიას დანავახო, რამდენად მომგებიანია ბრიტანული ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით და მათი ჩინეთამდე ჩატანა. ან რამდენად მომგებიანია ბრიტანული კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზირებულები არიან ჩინეთში, საქართველოს გავლით ტვირთების ბრიტანეთამდე ტრანსპორტირება. ბრიტანულ-ჩინური კავშირები განსაკუთრებული ტრადიციით ხასიათდება და საქართველო მათი შეხვედრის და გადაკვეთის ადგილად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც არამარტო გეოპოლიტიკური, არამედ კომერციული და ეკონომიკური თემაც არის.

– და ბოლოს, თქვენ იყავით სამკაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც საპარტნიორო ფონდის გარდაქმნის საკითხზე მუშაობდა. თუ დაიდო უკვე კონკრეტული შედეგი, რა მიმართულებით განვითარდება საპარტნიორო ფონდი და კონკრეტული ვადები თუ არის უკვე ცნობილი?

– კანონზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. ეს არის ქართველი და გერმანელი ექსპერტების ძალიან აქტიური თანამშრომლობის შედეგი. პროექტით გათვალისწინებულია ფონდის საქართველოს განვითარების კორპორაციად გარდაქმნა, რომლის ძირითადი ამოცანა ეკონომიკური განვითარება და იმ სფეროების ხელშეწყობა იქნება, რომლებიც, ამ ეტაპზე, კომერციული სექტორისთვის მიმზიდველი არ არის, თუმცა გრძელვადიანი, სერიოზული პოტენციალი გააჩნია. გამოყენებული იქნება განსაკუთრებული დატვირთვა ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით. ეს კორპორაცია იმ საუკეთესო გამოცდილებაზე აეწყობა, რომელიც გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკს აქვს და რომელიც გადაიტანეს ხორვატიაში, ლატვიაში და იქ ანალოგიური განვითარების ინსტიტუტები შეიქმნა. მთელი ეს მოდელი იმ საუკეთესო გამოცდილებას მოიცავს, რომელიც გერმანელ ექსპერტებთან დაგროვდა და ჩვენც შევეცადეთ, ეს ყველაფერი ქართულ ნიადაგზე გადმოგვეტანა. მუშაობა დასრულებულია. ახლა ეს საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს და, ვფიქრობ, უკვე ერთ თვეში საპარტნიორო ფონდი განვითარების კორპორაციად გარდაიქმნება.

ავტორი: მარი მჭედლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები