LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა წარადგინა (ვიდეო)

89

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარუდგინა. პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. პრეზენტაციას საფეხურთო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხუთწლიან გეგმას ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებიც გაეცნენ.

დამსწრე საზოგადოებას ფეხბურთის განვითარების პროგრამა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ წარუდგინეს. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის ინიციტავით შეიქმნა და მთავრობამ ხუთწლიანი პროექტი 4 თებერვალს დაამტკიცა. მისი ბიუჯეტი კი, ჯამში 265,7 მილიონს შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამის მთავარი მიზანი რამდენიმე ძირითადი კომპონენტით განისაზღვრა: განახლებული ეროვნული ჩემპიონატი; კლუბების დაფინანსების ახალი პროგრამა; ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტები; საფეხბურთო საგანმანათლებლო პროექტები; კონკურენტუნარიანი საფეხბურთო გარემო; ფეხბურთის მასობრიობა; ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა; რეგიონული მართვის სისტემა; აღნიშნულ პროგრამას ფეხბურთის განვითარების ფონდი განახორციელებს.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის განვითარების პროგრამამ საფეხბურთო საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, ხოლო პროგრამის შედეგს საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა პროგრამა საზოგადოებისა და საფეხბურთო სამყაროსთვის გაგვეცნო. ეს არის ფეხბურთის გრძელვადიანი პროგრამის განვითარების პროგრამა. მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მოიპოვა ამ პროგრამის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები