პოლონური ავიაკომპანია Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.
ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.