სკეპტიკურად ვუყურებ ჩვენი მორიგების შესაძლებლობას. ამ მოცემულობაში ძნელია ისეთი გადაკვეთის მოძებნა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, – ასე გამოეხმაურა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის, ლევან ჩხეიძის შემოთავაზებას, რომლის მიხედვითაც ის მოწინააღმდეგე მხარეს მორიგების ხელს უწვდის.
ადვოკატის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება შეწყვიტოს, თუმცა, ამაზე ის უარს აცხადებს.
„მორიგების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ. ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისთვის ცნობილია ჩვენი მორიგების პირობა. სამწუხაროდ, ისინი ამასთან თანხვედრაში ვერ მოდიან და ალტერნატიულ პირობას გვთავაზობენ. ჩვენი პირობაა, დავითმა მომავალში მაინც შეწყვიტოს იმ ოჯახის წარმომადგენლობა საზღვარგარეთ და ევროპაში, რომელ ოჯახსაც ის არ წარმოადგენს.
მორიგების პირობად ფინანსურ კომპენსაციას ვერ მივიღებთ. შესაბამისად, სკეპტიკურად ვუყურებ ჩვენი მორიგების შესაძლებლობას მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მაქვს, ეს დავა მაქსიმალურად ისე დასრულდეს, რომ ჩემი კლინეტისთვისაც და ამ თემაში მონაწილე სხვა პირებისთვისაც ნაკლებად მტკივნეული იყოს, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი კლიენტების პოზიციები ერთმანეთთან ვერ დავაახლოვეთ.
სწორედ, ამის გამო სცადა მოწინააღმდეგე მხარემ, იქნებ მუქარის პირობებში მოეხდინა ჩვენი რაღაცაზე დაყოლიება. ამ მოცემულობაში ძნელია ისეთი გადაკვეთის მოძებნა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა გორელაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა მორატორიუმი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ წყვეტდა აგრესიულ რიტორიკას და მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს უწვდიდა, რადგან „ერთმანეთს ბევრი ტალახი ესროლეს, რის გამოც, ორივე მხარე დაზარალდა“.