29 წლის მელანო ფუტკარაძე, 6 წლის საბა კიწმარიშვილი, 32 წლის თემურ გაბაიძე, 4 წლის ანრი ბერიძე, 26 წლის ნათია ჩაგანავა, 25 წლის ზუკა ფაღავა – ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო ორ წელიწადში ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში გარდაიცვალნენ. მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ყველა შემთხვევაში მიზეზი ექიმების დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი იყო. კერძო კლინიკებში სამართალი რომ ვერ იპოვეს, ოჯახებმა საპროტესტო აქციები გამართეს, დღეს კი მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
რა დაპირებები მიიღეს ოჯახის წევრებმა სამინისტროსგან, რა არის მათი მთავარი მოთხოვნა და აპირებენ თუ არა ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას? რადიო „ფორტუნა“ კლინიკებში გარდაცვლილთა შემთხვევებით დაინტერესდა.
3 კვირის წინ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დაღუპული მელანო ფუტკარაძის ბიძა ნოდარ ქათამაძე „ფორტუნასთან“ იხსენებს: „ექიმმა დიაგზონი დაუსვა, რომ ჰქონდა გაუვალობა და შებერილობა, ამის გამო 12 გადასხმა გაუკეთეს. შემდეგ კი სხვა კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს, რის შედეგად მელანო გარდაიცვალა. ჩვენი მოთხოვნაა, ექიმებმა აგონ პასუხი. საავადმყოფოებში უყურადღებობაა, ხელი უნდა მოჰკიდოს ამ ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრომ, პირადად დავით სერგეენკომ. ბათუმის საავადმყოფოები გადაქცეულია ბიზნესად. რა თანხაც დაერიცხება ავადმყოფს, 2000, 3000 თუ 5000, სანამ არ ამოეწურება, კლინიკიდან არ უშვებენ. უსამართლოდ დაიღუპნენ ეს პაციენტები. ბევრნი არიან დაზარალებულები და აპრილის ბოლოს აქციებზე შემოგვიერთდებიან“.
32 წლის თემურ გაბაიძე გოდერძის უღელტეხილზე 2 წლის წინ საახალწლოდ ჩავიდა. 2017 წლის 1 იანვარს თოვლში სრიალისას მას მოთხილამურე დაეჯახა და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე რადიო „ფორტუნას“ უყვება, რომ მისი შვილი დაზიანების მიღების შემდეგ ადგილზე 3 საათი გააჩერეს, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
„თემურის მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი უშველიდა, რომ გამოეძახათ ვერტმფრენი და გადაეყვანათ თბილისში დროულად. ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემი შვილის გადასარჩენად. დრო დაიკარგა. ტვინის შერყევის ნიშნები მაშინვე ჰქონდა. ადგილზე 3 საათი გააჩერეს, მერე კიდევ 3 საათი ხულოს ცენტრში გადასაყვანად დასჭირდათ, საბოლოოდ რეფერალურში 12 საათის დაგვიანებით გადაიყვანეს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ოპერაცია გაუკეთეს ტკივილის ფონზე, ანესთეზიის უმცირესი რაოდენობით, არ ვიცი რატომ არ გაკეთდა ანესთეზია, ეს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაზე მიუთითებს. 13 დღე იცოცხლა, პირიქით დაამძიმეს მდგომარეობა დახმარების მაგივრად“.
ნაირა დიასამიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა მხოლოდ ექიმების დასჯა არაა. მისივე თქმით, აუცილებელია ჯანდაცის სამინისტრომ კერძო კლინიკებზე მონიტორინგი დაიწყოს.
„მიმართვას ვაგზავნით სამინისტროს სახელზე, პარლამენტს გვინდა მივმართოთ. ერთი-ორი ექიმის შეცვლა არაფერს უშველის, გვინდა, კლინიკებზე მონიტორინგი დაწესდეს. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ორ დღეში პროფესიული საბჭოს სხდომა უნდა იყოს და გადავცემთო“.
რადიო „ფორტუნა“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიზი თედორაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ოჯახების მოთხოვნით გაიმართა. მისი თქმით, უნდა შემუშავებულიყო ოფიციალური წერილი და შესაბამის უწყებებში გაგზავნილიყო.
„მათივე გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენელთან ერთად უნდა მოამზადონ წერილი, განსაზღვრონ ადრესატები, ასევე გადაწყვიტონ, ინდივიდუალურად შეიტანენ კონკრეტული პირების შემთხვევებს თუ განაზოგადებენ. ამის შემდეგ წარმოუდგენენ სამინისტროს და სამინისტრო შუამავლის როლს იკისრებს. მთავარი მოთხოვნა იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა და ყველა საკითხის ინდივიდულურად შესწავლა“.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ზოგიერთი კლინიკის ექიმს სერტიფიკატი შეჩერებული აქვს, ზოგმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, თუმცა ოჯახებისთვის ეს საკმარისი არ არის. ისინი გამოძიებას, თითოეულ შემთხვევაში მონაწილე ყველა ექიმის გამოვლენას და მათ დასჯას ითხოვენ.
“მარტო ლიცენზიის შეჩერებაც არ კმარა. უნდა დაისაჯოს ექიმი ციხეში ჩასმით”, – ამბობს 25 წლის ზუკა ფაღავას მამა, რომელიც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი 2018 წლის 31 მარტს კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ახლობლები ამბობენ, რომ ექიმების მხრიდან არაკვალიფიციური მკურნალობა ჩატარდა.
ბათუმის კლინიკებში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობენ, რომ თუ სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ.