მწერალი ალეკო შუღლაძე, პრემია „საბას“ მფლობელი რომანისთვის „გადამალვა“ სოციალურ ქსელში წერს, რომ შვეიცარიულ გამომცემლობას, რომელიც მისი რომანის თარგმნას აპირებდა, ქართველმა რეცენზენტმა გადააფიქრებინა.
გთავაზობთ მის ვრცელ სტატუსს ამ თემაზე, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გევრდზე გამოაქვეყნა:
„დღეს „მართალი პარასკევია“ და ჩემს ერთ სისუსტეს გაგიმხელთ.
„გადამალვა“ ახალი გამოსული იყო და ძალიან დიდი შვეიცარული გამომცემლობა დაინტერესდა. სერიოზულად დაინტერესდა, მის წარმომადგენელს თბილისში შევხვდი, მე გერმანული არ ვიცოდი, იმან კიდევ ინგლისური, მაგრამ მაინც მაგრად ვაცინე და მგონი, მიხვდა, ძალიან დიდი ნაბიჭვარი რომ არ ვიყავი.
მოკლედ, შვეიცარიიდან ტექსტი მოითხოვეს, პატარ-პატარა ადგილები გადავუგზავნეთ. მერე როგორც ხდება ხოლმე, რეცენზიის ჯერი დადგა. ანუ რაღაც შეფასება გერმანულ ენაზე… ცხადია, ობიექტური. გამომცემლობამ და წიგნის ცენტრმა ესეც გადაუგზავნა. ჩემი შვილობილი ძალიან ახლოს იყო შვეიცარიაში გამგზავრებასთან, საიდანაც მსოფლიო გზები ეხსნებოდა.
ამ ეტაპიდან გამომცემლობა უკან თითქმის არ იხევს ხოლმე. და შვეიცარელები კიდევ ერთ რეცენზენტს დაუკავშირდნენ, ქართველს (მხოლოდ ეს ვიცოდით, სხვა ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ არ მოგვეპოვებოდა, რადგან გასაიდუმლოებული იყო).
იმისათვის, რომ ჩემი რომანი დაებეჭდათ, ქართველ რეცენზენტს (შეიძლება ამ პროფესიას სხვა რამ ჰქვია, ვეღარ ვიხსენებ),მხოლოდ ერთი რამ ევალებოდა, მე არ უნდა წარმოვეჩინე, როგორც უკიდურესად ცუდი პიროვნება, და არც რომანი უნდა დაეხატა, როგორც ფანატიზმის და ბნელეთის რაღაც უსტარი, რაც ევროპელებს შეაშინებდა.
ქება-დიდება საჭირო არ იყო საერთოდ. მხოლოდ თქმა: ხო, შეიძლება დაიბეჭდოს.
ქართველმა რეცენზენტმა ეს არ გააკეთა. მან ურჩია შვეიცარელებს, რომ წიგნი არ გამოეცათ. მან ჩაშალა ხელშეკრულება.
მაშინ მე ვთქვი, რომ დავივიწყებდი ამ ამბავს და ასეც მოვიქეცი. მაგრამ მოულოდნელად რამდენიმე წლის მერე, ლაიფციგში ყოფნისას, სანდო შუამავალმა და ერთგულმა თანამებრძოლმა იმ ქართველი რეცენზენტის ვინაობა გამიმხილა, რომელმაც გამწირა.
ამის მერე სიზმრები დამეწყო: რეცენზენტი სარდაფში ჩამყავს და იქ დენს ვურტყამ. კაბელებს ტანზე ვუმაგრებ, სველ ღრუბელს თავზე ვაწურავ და გამოწურულს ზემოდან ვადებ… რკინის ქუდს ვახურავ და… ვრთავ და ვრთავ და ვრთავ… და ის კი ყვირის და ყვირის და მე ვხარხარებ და გავიძახი:
– შენ შეგეძლო გეთქვა, რომ შუღლაძე არაფერს წარმოადგენს, რომ ის უნიჭო ძაღლიშვილია და გძულს… მაგრამ ბევრი არაფერი დაშავდება, თუ რომანს დაუბეჭდავთ. მაგრამ შენ ეს არ გააკეთე. ბოლოს და ბოლოს შეგეძლო, ჩემი თავი შენი რომელიმე ახლობელით ჩაგენაცვლებინა და ამასაც გაგიგებდი. მაგრამ ჩემი წიგნის გამოცემას სიცარიელე ამჯობინე. ამიტომ ვეღარასოდეს ახვალ ამ სარდაფიდან!
მაგრამ უცნაური ის არის, რომ სიზმრის ბოლოს რეცენზენტი სარდაფიდან გარბის და მე კი იქ ვრჩები და ვეღარ ამოვდივარ. ჯადოა ნამდვილი.
იქნებ სიზმარი გვიჩვენებს, რომ მართლა არ ვიყავი ღირსი და რეცენზენტმა ეს იცოდა?
„მართალო პარასკევო“ მომეცი ძალა, ვაპატიო რეცენზენტს და გავექცე სიზმარს.
მხოლოდ იუმორისტული კომენტარები დაურთეთ რა“.