LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ,,მცირე ბიზნესის კვირეული” გაიმართება

58

თბილისში ,,მცირე ბიზნესის კვირეული” გაიმართება. როგორც პროექტის ორგანიზატორმა, ,,მცირე ბიზნესის ასოციაციის” თავმჯდომარე დავით ქადაგიშვილმა ,,ფორტუნას” განუცხადა, კვირეული 13 თებერვალს დაიწყება და მის ფარგლებში, მონაწილეები იმ მეწარმეების გამოცდილებას გაიზიარებენ, რომლებმაც 0-დან დაიწყეს და წარმატებას მიაღწიეს. ასევე განიხილავენ ქართულ წარმატებულ და წარუმატებელ ბიზნეს მოდელებს და იმსჯელებენ, თუ რამ განაპირობა მათი კონკრეტული შედეგი. მონაწილეებს მოკლე ტრენინგი ჩაუტარდებათ თანამედროვე გაყიდვების ტექნიკაშიც.

დავით ქადაგიშვილის თქმით, პროექტის მიზანია დაინტერესებულ პირებს ხელი შეუწყონ ბიზნეს იდეების რეალიზებაში, ასევე მონაწილეებმა შეიძინონ ახალი კონტაქტები და საჭირო გამოცდილება.

,,მცირე ბიზნესის კვირეული” საქართველოში უკვე მეორედ იმართება. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

,,პროექტის პირველი ეტაპი საცდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გვაკლდა და ბევრი რამ ჩვენთვის ახალი იყო, შედეგით კმაყოფილები ვართ. ვფიქრობთ, ახლა ბევრად საინტერესო და ხელშესახები შედეგი გვექნება”, – განაცხადა დავით ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტს ჰყავს რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი იდეა და დამწყებ ბიზნესმენებად მოიაზრებიან.

სამომავლოდ, ,,მცირე ბიზნესის ასოციაცია” ინტერნეტ პორტალის შექმნასაც გეგმავს, რომელიც დამწყები ბიზნესმენებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები