LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერები საპირფარეშოში, ანტისანიტარია, შეურაცხყოფა – ბათუმის ციხეში პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს

368
-N3-1524643041

ბათუმის N3 ციხეში პატიმრების მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს სასჯელაღსრულების უწყება ადასტურებს. სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სამმა პატიმარმა მავთულები ხელში გაიყარა და  ერთმანეთს ასე გადაება –  ეს ინფორმაცია თავდაპირველად ადვოკატმა გაავრცელა. სასჯელაღსრულების უწყებაში განმარტავენ, რომ პატიმრები თვითდაზიანების მიყენების მიზეზებზე არ საუბრობენ. ადვოკატის თქმით კი, ისინი ციხის თანამშრომლებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ასევე მათი მოთხოვნაა სასმელი წყლის მიწოდება.

“პატიმრები ითხოვენ წყალს, სამედიცინო მომსახურებას, წამლებს. ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი,“ – განაცხადა ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა.  თუმცა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. მათივე ინფორმაციით, მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება კი მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია, რადგან წყალი რეზერვუარიდანაც მიეწოდებათ. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ თვითდაზიანების მიყენების შემთხვევებზე საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი, რომლის ავტორებიც როგორც წერილშია მითითებული, ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები არიან. წერილში ისინი ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ ღამის საათებში უთიშავენ წყალს, ციხის კამერები კი მათ საპირფარეშოს აკონტროლებს – კამერა პირდაპირ უყურებს ტუალეტის ნიჟარას. წერილში ანტისანიტარიაზეც წერენ და როგორც აღნიშნავენ, პირდაპირ იატაკზე დადებულ ბინძურ ლეიბზე უწევთ ჭამაც და ძილიც, აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები და ამის მიუხედავად, არ მოჰყავთ მედ-პერსონალი, არ აქვთ საჭირო მედიკამენტები, არ აძლევენ საშუალებას დაწერონ საჩივრები, არ ნიავდება საკნები და ვერც 1-საათიანი ჰაერზე სეირნობის უფლებით სარგებლობენ. მათივე ინფორმაციით, ადგილი აქვს პატიმრების შეურაცხყოფასაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვერ სარგებლობენ კუთვნილი პაემნებით.

ისინი უკანონო ქმედებებში დაწესებულების დირექტორს მიხეილ კანდელაკს ადანაშაულებენ. წერილში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი პატიმარი სუიციდის მცდელობამდე მივიდა, ხოლო რამდენიმემ მიიყენა თვითდაზიანება და პირი ამოიკერა. წერილში აღნიშნულია, რომ მათ უკანონოდ ათავსებენ “ვანდალურ საწამებელ საკნებში” და არ მიჰყავთ ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.

“წლების განმავლობაში წამებით ვკარგავთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მათი უკანონო ქმედებები მნიშვნელოვნად გვაზარალებს ჩვენ და ჩვენს ოჯახებს,”- აღნიშნულია წერილში.

წერილში, რომელიც 27 მარტით არის დათარიღებული, აღნიშნულია, რომ ასლი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ყველა სახელმწიფო უწყებას. სრულად წერილს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

სასმელ წყალთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას, ხოლო ვენტილაციის პრობლემის არსებობას უარყოფენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებაც.

“მსჯავრდებულმა გიორგი მარსაგიშვილმა 2019 წლის 1 აპრილს, 23:39 სთ-ზე, კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან ე.წ. „სპილენძის მავთული“ გაიყარა და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ მესამე მსჯავრდებული, შოთა დობაძიშვილიც შეუერთდა (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) – მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს. 2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მარსაგიშვილი საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23:25 სთ-ზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა.

ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებით იმუქრებოდნენ; ამასობაში კი თითებს შუა გაყრილი ძაფებით ერთმანეთზე გადაბმული პატიმრები ერთმანეთს ჩაეხსნენ, ხოლო ციხის თანამშრომლებმა ისინი დეესაკალციის ოთახებში გადაიყვანეს. მანამდე მსჯავრდებულები შეამოწმეს, თუმცა, რაიმე აკრძალული ან ბასრი ნივთი არ აღმოაჩნდათ. 23:48 სთ-ზე დობაძიშვილმა აღელვების ნიადაგზე გაურკვეველი საშუალებით მიიყენა ორივე ხელზე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა მცირეოდენი სისხლდენით, 10 წუთში, 23:52 სთ-ზე, გაურკვეველი საშუალებით მიიყენა მარჯვენა ხელის მეორე და მესამე თითებს შუა ნაკაწრი ჭოველიძემაც. სამივე შემთხვევის შესახებ საქმის მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო დეპარტამენტში. მსჯავრდებულები ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება. რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება.

რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება. პატიმრების უსაფრთხო საკანში განთავსებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ საკნებში მათი განთავსება ხდება არა დასჯის მიზნით, არამედ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიც არის უსაფრთხოება, პატიმრის ქცევა გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ და ა.შ.” – აღნიშნულია განაცხადებაში.

განახლება – სტატია გამოქვეყნდა 3 აპრილს, ამავე დღეს პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა პატიმართა მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფატს, რომელსაც სტატიაში გაეცანით. თუმცა, განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი პატიმრების მიერ წერილში მოყვანილ სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით “ფორტუნა” სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პატიმრების საჩივრებზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ. 4 აპრილს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერილში მოყვანილ ყველა ბრალდებას უარყოფს და განმარტავს, რომ მსჯავრდებულების უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. განცხადების თანახმად, სიცრუეა,  თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრებს არც საჩივრების დაწერის უფლება ეზღუდებათ.  სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ის საჩივარი, რომელიც მედიასაშუალებებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გაუგზავნა საჩივარში მითითებულ ადრესატებს. ვრცლად სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ – მსჯავრდებულების მიმართ რაიმე სახის უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია – პენიტენციური სამსახური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები