„თიბისი ბანკის” დაფმუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მათ ამის შესახებ ბანკის აქციონერებს უკვე ოფიციალურად აცნობეს. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა “თიბისი ბანკის” ლონდონის ბირჟის ვებგვერდზეც.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიუხედავად, ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ „თიბისი ბანკის” მფლობელ კომპანიაში – TBC Bank Group PLC .
როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში ორი ახალი წევრის შერჩევა უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა. ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა „თიბისი ბანკის” შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.