LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები ჰიბრიდული ომის მეთოდებს მიმართავდნენ – სუს-ი

123
kiberdanashauli

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა – ეს ის გამოწვევებია, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა.

დოკუმენტში, რომელიც სუს-მა პარლამენტს გადაუგზავნა, ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს.

“უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება.

საანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნები და მათი სპეცსამსახურები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს ასევე წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები