LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სხდომაზე ხაბეიშვილის დაშვება იმის გამო არ მოხდა, რომ წინა სხდომაზე ცირკი და კლოუნადა მოაწყო – ხმალაძე

97
20190227155944

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მთავრობის წინა სხდომაზე ცირკი და კლოუნადა მოაწყო, რის გამოც ის დღეს მთავრობის სხდომაზე აღარ დაუშვეს. ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ხაბეიშვილისთვის დისციპლინა და წესრიგი არ არსებობს. ხმალაძის თქმით, სხდომას ოპოზიციის წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი ესწრებოდა.

“ლევან ხაბეიშვილს არასდროს ჰქონდა პრობლემა ისევე, როგორც არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ჩვენი მთავრობის სხდომაზე დასწრების. თქვენც ყოფილხართ მომსწრე, რომ ესწრებიან და მიდის კონსტრუქციული დიალოგი. უბრალოდ, ბოლო შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილმა გადაამეტა და გასცდა ყოველგვარ ზღვარს. დღეს ქალბატონი ლილე ლიპარტელიანი საუბრობდა რეგლამენტზე, რომ რეგლამენტი ითვალისწინებს საკრებულოს წევრის დასწრებას მთავრობის სხდომაზე, მაგრამ რატომღაც ეს რეგლამენტი ლევან ხაბეიშვილისთვის არ არსებობს. მისთვის არ არსებობს არც დისციპლინა და არც წესრიგი. ცირკი და კლოუნადა მოაწყო მთავრობის წინა სხდომაზე. ეს იყო მიზეზი, რატომაც დღეს თბილისის მერმა მიიღო გადაწყვეტილება და ის არ შემოუშვა მთავრობის სხდომაზე. თუმცა, სხდომაზე იმყოფებოდა ლილე ლიპარტელიანი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არ გვაქვს პრობლემა ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრონ მთავრობის სხდომას. უფრო მეტიც, ქალბატონმა ლილემ მიიღო ამომწურავი პასუხი მის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე,“ – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაშვებას ითხოვდა. ოპოზიციას მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხზე სურდა.