LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

130 წლის წინ ლივერპულელმა ინჟინერმა კარისთვის ბადე გამოიგონა: იმდროინდელი VAR

230
ruecc09ecc6a0

ფეხბურთი ინგლისში XIX ს-ის შუა წლებიდან არსებობდა, თუმცა გოლების ჩათვლა-არჩათვლის საკითხი ძალიან პრობლემატური იყო. პირველ საფეხბურთო მატჩებში კარს ბადე არ ჰქონდა და მსაჯსაც უჭირდა გადაეწყვიტა, ნამდვილად გაიარა თუ არა ბურთმა ძელებს შორის.

აღნიშნულ პრობლემაზე ფიქრი ლივერპულელმა ინჟინერმა ჯონ ალექსანდერ ბროუდიმ მას შემდეგ დაიწყო, რაც მის საყვარელ გუნდს, ”ევერტონს” 1889 წელს, ”ენფილდზე” ”აკრინგსტონ სტენლის” კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. მსაჯმა უბრალოდ, ვერ შეძლო დაენახა, ნამდვილად გაიარა თუ არა ბურთმა ძელებს შორის.

ბროუდი იხსენებდა, რომ პრობლემის გადაჭრის სხვა გზებზეც ფიქრობდა, თუმცა კარის ძელებზე ბადის დამაგრების იდეა ყველაზე მეტად მოეწონა.

 


კარზე დამაგრებულმა ბადემ XIX საუკუნის ფეხბურთის ორი უმთავრესი პრობლემა მოაგვარა – მსაჯებს გაუადვილდათ იმის დადგენა, გავიდა თუ არა გოლი. გარდა ამისა, ბადემ საფეხბურთო კარის ზონას მოაშორა გულშემატკივრები, რომლებიც ხანდახან პირდაპირ მეკარის ზურგს უკან იდგნენ და ისე ადევნებდნენ თვალს შეხვედრის მიმდინარეობას.

პირველად ბადიანი საფეხბურთო კარები 1889 წელს, ”სტენლი პარკზე” გამოიყენეს. ერთი წლის შემდეგ ბროუდიმ იდეა დააპატენტა და ბადეების გამოყენება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას შესთავაზა.

ბადის გამოყენების იდეას ყველა აღფრთოვანებით არ შეხვედრია. ისევე, როგორც VAR-ს, სკეპტიკოსები ბროუდის გამოგონებასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუმცა მალევე ყველა მათგანი იძულებული იყო ეღიარებინა ბადეების გამოყენების საჭიროება.

 

 

პირველი მატჩი, რომელიც საფეხბურთო კარის ბადეების გამოყენებით გაიმართა, ”ნოტინჰემ ფორესტის” საშინაო მოედანზე, ჩრდილოეთის და სამხრეთის გუნდებს შორის გაიმართა და ჩრდილოელების გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ბროუდის ალბათ გაახარებდა ის ფაქტი, რომ ბადიან კარში პირველი გოლი ”ევერტონელმა” ფრედ გირიმ გაიტანა.

პირველი ოფიციალური მატჩი ბადიანი კარებით იყო ინგლისის თასის ფინალი 1891 წელს. ფინალში ”ბლექბერნი” ”ნოთს ქაუნთის” შეხვდა და 3:1 მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ალექსანდერ ბროუდი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ინჟინერი იყო, რომელმაც არაერთი დიდი პროექტი განახორციელა (პირველი წრიული გზა ბრიტანეთში, ტრამვაის პირველი ხაზები, პირველი ბრიტანული ავტოსტრადა…) იგი ყველაზე მეტად მაინც იმ წვლილით ამაყობდა, რაც ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები