ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
როგორც ”ფორტუნას” უწყებიდან აცნობეს, ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერში, გურიას 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა.
პროექტის ფარგლებში შენდება 7,20 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი. კედლის მშენებლობა ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც ადიდებულმა მდინარემ 70 მეტრის მანძილზე საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა. აღნიშნული გზით გურიის შვიდი სოფლის მოსახლეობა – დაახლოებით 5219 ადამიანი სარგებლობს.
ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები ასევე, მოიცავს 100 მეტრი სიგრძის გაბიონის მშენებლობას. ამასთან, გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10 ტონიანი ტეტრაპოდი. მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული.