რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყირიმის უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური ღირებულებების მიზანმიმართულ დარღვევას – ამის შესახებ იმ რეზოლუციაშია საუბარი, რომელიც ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ დაამტკიცა.
დოკუმენტს ევროპარლამენტის 402-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 163-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 89-მ კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის წევრები გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს.
„ევროპარლამენტი ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შეწყვეტას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას; ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უპირობო შესრულების საჭიროებას, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან მისი შეიარაღებული ძალების გაყვანას“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევების გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის.
ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას, კიბერთავდასხმებს, ევროკავშირს პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე რეაგირების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ დაკავშირებით. ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებულები არიან ასევე რუსეთის მიერ ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერის გამო, კერძოდ, საუბარია ჩრდილოეთ კორეაზე, ირანზე, ვენესუელასა და სირიაზე.