ორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. მძღოლების თქმით, ისინი სადგურის ტერიტორიაზე მაღალი გადასახადის გამო ვერ ჩერდებიან, ამიტომ წლების განმავლობაში ტროტუარის მიმდებარედ საპარკინგე ნაწილზე იდგნენ, თუმცა გასული წლის ბოლოს დახაზული ადგილები გაუქმდა და გაჩერება აიკრძალა.
აქციაზე მათ მერიისგან მოღებული წერილი წარმოადგინეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად გამწვანების მოწყობაა დასახელებული.
„არჩევნების შემდეგ მოვიდნენ და ჩამოგვიკიდეს ამკრძალავი ნიშნები, ანუ ტროტუართან არ უნდა დავდგეთ. სანაცვლოდ კი, ავტოსადგურში შესვლა შემოგვთავაზეს, სადაც სავარაუდოდ, ყოველ ათ დღეში ერთხელ, მსხვილი თანხის გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა სოლომონ ფაჩუაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში სადგურის მიმდებარედ გაჩერების უფლება არ დაუბრუნდებათ, მძღოლები აქციის გამართვას მერიასთან გეგმავენ.