დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ომბუდსმენის აპარატის სპეციალური სამედიცინო ექსპერტი ჩაერთო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის სპეციალური ექსპერტი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არსებულ სამედიცინო დასკვნებს სწავლობს.
„მას შემდეგ, რაც გვექნება სრული ინფორმაცია და შემაჯამებელი დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავცემთ რეკომენდაციას, რამდენად არსებობს ციხეში შესაძლებლობები, რომ ამ დიაგნოზის პაციენტს ადგილზე უმკურნალონ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარია დეკანოზის შეწყალების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ის შეწყალების კომისიის წევრი იყო, დეკანოზის შეწყალებას მხარი დაუჭირა, ახლა კი ეს საკითხი მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა.