LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მუქარა საქართველოს: „რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს…“

1350
karasini

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის უწყება საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს და „უსიამოვნო მოულოდნელობებით“ იმუქრება.

„ჩემი მესიჯი არის იგივე. უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე კი სერგეი შოიგუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რღვევაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, რუსეთი იძულებულია, საპასუხო ზომები მიიღოს.

რუსეთის მუქარას საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, ოპოზიცია ამ თემით სპეკულაციებს შეეშვას.  ის მიიჩნევს, რომ რუსეთისგან მუქარა ახალი არ არის. მისივე თქმით, ეს არის ის, რა რეალობაშიც ბოლო 25 წელია, ვცხოვრობთ. “მუქარა სულ მომდინარეობს, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ძველი რუსული პოლიტიკა. ეს რუსული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა კი აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობას ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის -გიორგი კანდელაკის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პარტნიორ ქვეყნებს ილუზიას უქმნის, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზებულია, თუმცა ეს კანდელაკის თქმით, რეალობას არ შეესაბამება.

ის მიიჩნევს, რომ კარასინი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას ჟენევის ფორმატში, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან შეერთებული შტატები და ევროკავშირია, ვერ გააკეთებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები