LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1.4 მილიონმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა – საქართველოში სამუშაო ძალის კლება შეინიშნება

4571
luggage stuffing

2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია. ამის ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

ამასთან, 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად საშუალოდ 0.4%-ით იზრდებოდა და 2017 წლის მდგომარეობით 14.6% შეადგინა. მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის საშუალოდ 8.7%-ია.

მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი, შემცირებული შობადობა და დაბერების მაღალი მაჩვენებელი ამცირებს სამუშაო ძალას. ეს ყველაფერი დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  1. შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე;
  2. ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე;
  3. წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება;
  4. გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები