დედაქალაქის საზღვრებში დგომა – გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
პარლამენტს ბიუროს 25 თებერვლის სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისთვის:
– ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება – ჯარიმა 50 ლარი;
– სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;
– წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე – ჯარიმა 100 ლარი;
– ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება – ჯარიმა 50 ლარი;
– დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე – 400 ლარი; ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
– დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე – ჯარიმა 500 ლარი.
კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.