LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს მაგივრად კარი ესტონეთმა გაიჯახუნა (ვიდეო)

112
georgia-estonia-7

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. სამწუხაროდ, ბოლო საშინაო შეხვედრაში დავმარცხდით ჯგუფის არც თუ საუკეთესო გუნდთან. ესტონეთმა ბოლოს მაინც გვაჯობა – 77:84.

ჩვენმა გუნდმა 2-წლიან ციკლში ჯამში გამართული 12 მატჩიდან 5 მოიგო, 7 მარცხი განიცადა და ასპარეზობა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზე დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი – საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი გავიდნენ, რომელთა შემდეგაც საქართველო, ისრაელი და ესტონეთი განთავსდნენ.

საქართველოს ნაკრები თამაშობდა დიდი დანაკლისით (როგორც ბოლო პერიოდში ხდება ხოლმე), რასაც ბერძენი მწვრთნელი წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს.

თამაში ბოლო წუთამდე დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში მიდიოდა. აი დასკვნით ნაწილში კი სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს, ჩვენებმა შეცდომება დაუშვეს და შედეგიც შესაბამისი დადგა.

ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესო ისევ გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 39 წუთში 22 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 21 ქულა იყო დუდა სანაძის ანგარიშზე, ხოლო თად მაკფადენა ქართველებს 20 ქულა შეაშველა. დანარჩენი მოთამაშეებიდან მხოლოდ გიორგი ცინცაძემ (8), მიხეილ ბერიშვილმა (4) და რატი ანდრონიკაშვილმა (2) მოახერხეს ქულების მოპოვება…

მატჩის დაწყებამდე შედგა საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი მასკოტ “ჯეოს” ოჯახის პრეზენტაცია. საყვარელმა ლომმა სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს საკუთარი მეუღლე და შვილები – ძუ და ხვადი ბოკვერები წარუდგინა, რომლებიც მატჩის მსვლელობისას აქტიურად უჭერდნენ ქართველ კალათბურთელებს მხარს და სპეციალურად მომზადებულ საცეკვაო ნომრებსაც ასრულებდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა და მომდევნო სანაკრებო ციკლიდან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს, რომლის გათამაშების ფორმატიც ჯერ უცნობია და მის პრეზენტაციას ფიბა სავარაუდოდ, მაისის თვეში განახორციელებს. საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის კანდიდატია და თუკი ასე მოხდება, ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირში არ იასპარეზებს.

ილიას ზუროსი:

დღევანდელი დამარცხების მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა, დაშვებული შეცდომები, 19 დაკარგული ბურთი და ამას მოყოლილი 30-ამდე ქულაა.

დამთავრდა 2-წლიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც იყო კარგი და იყო ცუდი ეპიზოდები. ჩვენ არაერთი საამაყო გამარჯვება მოვიპოვეთ და დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რომელთაგან თუნდაც ეს ბოლო შეხვედრა შეგვიძლია დავასახელოთ. მოგების დროს ზეიმი კარგი და იოლია, ხოლო წაგების დადებითი მხარე ისაა, რომ ის გაძლიერებ, ძალას გმატებს, გაერთიანებს და ჩვენც სწორედ ასე უნდა ვიყოთ. ჩვენ – მე, მოთამაშეები და თქვენ – ჟურნალისტები, გულშემატკივრები… ერთი გუნდი ვართ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თუნდაც 2 ფანჯრის განმავლობაში ერთი შემადგენლობით გვეთამაშა, რაც უპირველესად ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის მიზეზია. ამ საკვალიფიკაციო ტურნირის დასაწყისში სრულიად ახალი შემადგენლობით ვითამაშეთ. მსურს ამაში დადებითიც დავინახო, რაც ნაკრებში ახალი სახეებიც გამოჩენაა. დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობა, რომელმაც ნაკრებში საკუთრი ადგილი უნდა დაიკავოს და მისი დახმარებით უნდა მოხდეს გუნდის განახლება. ახლა, როცა მორიგი მნიშვნელოვანი ციკლი დასრულდა, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რაც საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები