ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.
„ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა საზოგადოებისათვის გვეჩვენებინა, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი, მოჭიდავეებს შეგვიძლია დიალოგის გზით გადავწყვიტოთ პრობლემა. თითოეული თქვენგანი აქ ხართ იმისათვის, რომ დაინახოთ ის ერთობა, რაც ჩვენს ერს სჭირდება. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი”, – განაცხადა კურტანიძემ.
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის მომხდარი ინციდენტი.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.