LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება

maxresdefault

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი ამ დროისთვის ინტენსიურ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა შეინიშნება. ამასთან, გრძელდება მონიტორინგი და კვლევები მისი მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მიდგომა პაციენტისადმი ადეკვატური და პროფესიონალურია. ამასთან, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტურია. უბრალოდ, მისი ჩივილი რაც იყო, ის გრძელდება – სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელ-ფეხში. პაციენტი ამ წუთისთვისაც ინტენსიურ არეალშია, ისევე როგორც დილით“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

რაც შეეხება ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებას, რომ დეკანოზის მძიმე ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობა და მკურნალი ექიმი რეალურ ინფორმაციას მალავენ და აგრესიულად იქცევიან, მარინა გელანტია განმარტავს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხულად მიაჩნია.

„როდის დატოვებს პაციენტი კლინიკას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როდის შევძლებთ საბოლოო დიაგნოზის დასმას და პაციენტის მდგომარეობის საბოლოო შეფასებას“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

წყარო: ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები